ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით 24 პროცენტი სტაციონარში მკურნალობს
ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით 24 პროცენტი სტაციონარში მკურნალობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულების დაახლოებით 24 პროცენტი სამკურნალოდ სტაციონარშია მოთავსებული.

„ტენდენციას მივყვებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური ზრდა გვაქვს, სამნიშნა, ოთხნიშნა ციფრების ფარგლებში. ქვეყანაში კორონავირუსის 13 198 აქტიური შემთხვევაა, აქედან სტაციონარებში წევს 3 155,  ეს მაჩვენებელი დაახლოებით 24 პროცენტის ფარგლებშია. ყოველთვის ვამბობდით, რომ სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით, სტაციონარულ მკურნალობას ექვემდებარება საერთო ინფიცირებულთა დაახლოებით თხუთმეტიდან 35 პროცენტის ფარგლებში. ჩვენთანაც დაახლოებით ასეთი ეს ტენდენციაა.

კოვიდსასტუმროებში მკურნალობს 1 848, ბინაზე კი 8 155 პაციენტი მკურნალობს. ინფიცირებულებიდან 381 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 77 ინფიცირებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.