ამირან გამყრელიძე - დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს, რათა აღდგომის დღეებში არ მოიმატოს ვირუსის გავრცელების რისკმა და წესები ყველგან დაცული იყოს
ამირან გამყრელიძე - დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს, რათა აღდგომის დღეებში არ მოიმატოს ვირუსის გავრცელების რისკმა და წესები ყველგან დაცული იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საპატრიარქოსთან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.

გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს დაცული რეკომენდაციები და მრევლი ძირითადად განთავსდეს ტაძრის გარეთ, დისტანციის დაცვით.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ უპასუხა შეკითხვას, წელსაც ხომ არ შეიძლება, აიკრძალოს საფლავებზე გასვლა.

„ეს დამოკიდებულია, როგორი გვექნება ეპიდსიტუაცია აღდგომის წინა დღეებში და შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულში. იქნება საპატრიარქოსთან კონსულტაციები. ჩვენი თხოვნაა, აღდგომის წინა დღეებში ტაძრებში მაქსიმალურად დაცულ იქნას რეკომენდაციები. ანუ, ტაძრის შიგნით და გარეთაც, პირბადის აუცილებელი გამოყენება, ასევე დისტანციის, სანიტარული წესების დაცვა და როგორც შარშან მოხდა, ძირითად ტაძრებში რადიოფიცირება. 2 მაისს არის აღდგომა, ამ დროს თბილა, მრევლი იყოს ძირითადად გარეთ, იქაც დისტანციის დაცვით. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ არ იყოს ვირუსის გავრცელების ზედმეტი რისკი. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს, რათა არ იყოს მომატებული რისკი და წესები ყველგან დაცულ იქნას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.