ამირან გამყრელიძე - დარწმუნებული ვარ, ჩინურ ვაქცინას მოსახლეობისთვის საკმაოდ მაღალი დაცვითი ეფექტი ექნება
ამირან გამყრელიძე - დარწმუნებული ვარ, ჩინურ ვაქცინას მოსახლეობისთვის საკმაოდ მაღალი დაცვითი ეფექტი ექნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით  ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის გუშინდელი განცხადება შეაფასა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, განცხადება სათანადოდ არ იყო გაგებული. გამყრელიძე განმარტავს, რომ ყველა ვაქცინა გადაუდებელი მდგომარეობის დროს (პანდემია) გამოიყენება და მათ ეფექტურობის გარკვეული მაჩვენებელი აქვთ.

გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მწარმოებელს სწორედ გადაუდებელი მოხმარებისთვის ვაქცინის გამოყენების ნებართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს, თუ 50-პროცენტიანზე მეტი ეფექტურობის მაჩვენებელი ექნება.

აქედან გამომდინარე, გამყრელიძე აცხადებს, რომ ყველა ვაქცინას, რომელიც დღეს საერთაშორისო ბაზარზე გამოიყენება, მაღალი დაცვის ეფექტი აქვს „კოვიდის“ მიერ გამოწვეულ გართულებებზე, განსაკუთრებით კი სიკვდილიანობაზე.

„გარკევეული კითხვებია გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. იყო სხვადასხვა წამყვანი გაზეთის განცხადება. შესაძლოა ითქვას, რომ არ იქნა ადეკვატურად ინტერპრეტირებული ის განცხადება, რომელიც ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა.

დღეს მსოფლიოში გამოიყენება სულ რამდენიმე ვაქცინა, რომლებიც ავტორიზებულია სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ. ასევე, საერთაშორისო ბაზარზე არის ორი ჩინური ვაქცინა, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, რომლებიც ავტორიზებული არიან ჩინეთის მარეგულირებლების მიერ. ამ ვაქცინების დაახლოებით 160 მილიონი დოზაა უკვე მსოფლიოში გამოყენებული. ისინი ავტორიზებული არიან 40-მდე ქვეყნის მიერ. განცხადება, რაც გუშინ გაკეთდა სხვადასხვა გაზეთში, ეხებოდა არა „სინოფარმს“, არამედ მეორე ჩინურ ვაქცინას „სინოვაკს“, რომელიც ფართოდ გამოიყენება ჩინეთში, ასევე ჩვენს მეზობელ ორ ქვეყანაში, თურქეთში, სადაც აცრილია 16 მილიონამდე ადამიანი და აზერბაიჯანში, სადაც აცრილია ნახევარ მილიონამდე პირი. ასევე ის დიდი რაოდენობით შეისყიდა ბრაზილიამ, ჩილემ. სწორედ ერთ-ერთ ბრაზილიურ კვლევას ეყრდნობოდნენ, როდესაც ეს განცხადება გაკეთდა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ძალიან გამოცდილმა მეცნიერმა (პატივი მაქვს, ვიცნობდე პირადად) აღნიშნა, რომ ყველა ვაქცინა, მათ შორის ჩინური, გამოიყენება გადაუდებელი მდგომარეობების დროს, ანუ პანდემიის. მათი დაცვის ეფექტურობა არის სხვადასხვა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია როდესაც იძლევა გადაუდებელი მოხმარების ნებართვას, მას აქვს 50-პროცენტიანი ეგრეთ წოდებული ზღვარი. თუ ვაქცინას აქვს 50 პროცენტზე მეტი ეფექტურობა, მაშინ მისი დაშვება ბაზარზე შესაძლებელია, რადგან ის იცავს ყველა მეორე ადამიანს სხვადასხვა გართულებისგან, რაც მთავარია სიკვდილიანობისგან. ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს საერთაშორისო ბაზარზე გამოიყენება, საერთაშორისო პრაქტიკამ ეს უკვე აჩვენა, რომ მათ აქვთ ძალიან მაღალი დაცვის ეფექტი „კოვიდის“ მიერ გამოწვეულ გართულებებზე, განსაკუთრებით სიკვდილიანობაზე. ეს არის მთავარი დღეს, ამ ვაქცინების დანიშნულება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ განაცხადა, რომ კვლევების თანახმად, ჩინური ვაქცინების როგორც „სინფარმის“, ისე „სინოვაკის“ ეფექტურობის მაჩვენებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ზღვარის ფარგლებშია.

გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ ჩინურ ვაქცინას მოსახლეობისთვის საკმაოდ მაღალი დაცვითი ეფექტი ექნება.

„რაც შეეხება ჩინურ ორ ვაქცინას, სხვადასხვა კვლევით, თავად ჩინელების კვლევებით, მათი ეფექტიანობა მერყეობს 60-დან 89 პროცენტის ფარგლებში. სხვადასხვა კვლევით, ეფექტურობა „სინოფარმის“, რომელიც დღეს საქართველოშია, მერყეობს 79-დან 86 პროცენტის ფარგლებში. „სინოვაკმა“, გუშინ ძირითადად ამ ვაქცინას შეეხებოდა საუბარი, ბრაზილიაში აჩვენა 51 პროცენტი, სხვა ქვეყნებში უფრო მაღალი, 70 პროცენტამდე ეფექტურობა. ანუ ორივე მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ზღვარის ფარგლებში ჯდება.

საუბარი და აქცენტი იყო, რომ განიხილავენ სხვადასხვა ვაქცინის ეგრეთ წოდებული ეფექტიანობის გაზრდას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს „კოვიდის“ საწინააღმდეგოდ გამოიყენება, გადაუდებელი მდგომარეობის დროს გამოყენებადი ვაქცინებია. რა თქმა უნდა, ვაქცინების განვითარება ამ წლის და მომავალი წლის განმავლობაში უფრო ინტენსიური გახდება და მეტად დახვეწილი ვაქცინები იქნება. ასი პროცენტით არც ერთი ვაქცინა არ იცავს დაინფიცირებისგან, მაგრამ მათი ძირითადი დანიშნულება, რომ დაიცვან ადამიანი სასიკვდილო გართულებებისგან და ფატალური გამოსავლისგან, ყველა ვაქცინას თითქმის ერთნაირი აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, გუშინ გამოთქმული მოსაზრებები სწორად არ იქნა ინტერპრეტირებული, ამიტომ საჭიროა, შევიტანოთ განმარტებები და მოსახლეობა დავამშვიდოთ, რომ იგივე ჩინური ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვართ, მას ექნება მოსახლეობისთვის საკმაოდ მაღალი დაცვითი ეფექტი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი