ამირან გამყრელიძე – ციფრი 3 128 ნუ დაგვამშვიდებს, ინფიცირების შემთხვევები არ იკლებს, პირიქით, მატებაა, შევდივართ პიკში და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით

13:43, 24.11.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა არ იკლო და ქვეყანას 3 128 ახალი ინფიცირებული ჰყავს იმის გათვალისწინებით, რომ შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში ტესტირების რაოდენობა მცირეა.

მაგალითად, გამყრელიძის თქმით, თუ კვირის დღეებში „პისიარ“ და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების საერთო რაოდენობა 12 000-დან 13 000-ის ფარგლებშია, ბოლო ორ დღეში ეს რიცხვი 7 000-დან 8 000-ის ფარგლებში მერყეობს.

გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველო ვირუსის გავრცელების პიკში შედის და შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

„ჩვენთან 3 128 ახალი შემთხვევაა, მაგრამ ეს არ არის, ასე ვთქვათ, შესაბამისობაში ქვეყანაში დღეს ინფექციის გავრცელებასთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში გადავცილდით 4 000 ახალ შემთხვევას, შეგვიძლია ვთქვათ, შევედით პიკში, უბრალოდ, დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა დამოკიდებული იყო ამ სამ დღეზე, როდესაც ტესტირების რაოდენობა შაბათ-კვირას და განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში ეცემა, გუშინ და გუშინწინ ჩვენ „პისიარის“და ანტიგენის ერთად აღებული ტესტირების რაოდენობა გვქონდა სადღაც 7 000-დან 8 000-ის ფარგლებში, როდესაც კვირის სხვა დღეებში ერთად აღებული გვაქვს 12 000-13 000-ის ფარგლებში. ამიტომ ეს რაოდენობა – 3 128 ნუ დაგვამშვიდებს, რადგან კლება ჯერ არ არის, პირიქით არის მატება, რომელიც კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ შევდივართ უკვე პიკში და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი