ამირან გამყრელიძე - ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს
ამირან გამყრელიძე - ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს

ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ირგვლივ მყოფ ქვეყნებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის დაახლოებით 15 მილიონი დოზა უკვე გამოყენებულია თურქეთში, ნახევარი მილიონი დოზა კი, აზერბაიჯანში.

„მოგეხსენებათ, ჩინეთს დღეს აქვს ხუთამდე ვაქცინა. აქედან საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება ორი – „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს „სინოვაკის“ ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. მაგალითად, თურქეთში, უკვე დაახლოებით 15 მლნ დოზაა გამოყენებული, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა ასევე გამოყენებული აზერბაიჯანში. მასაც ფართო მოხმარება აქვს. ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებენ აპრილის შუა რიცხვებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება, თუ მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრება.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენი ვაქცინების მარაგი ქვეყანაში თანდათანობით ფართოვდება. ახლა ძალიან ბევრია დამოკიდებული მასმედიაზე, რამდენად სწორ გზავნილებს მივაწვდით მოსახლეობას და რამდენად მეტი იქნება მოსახლეობის აქტივობა, რადგან სხვა იარაღი დღეს ეპიდემიის დამთავრების ქვეყანაში არ არის. ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. წელს თუ ჩვენ დასახულ მიზანს შევასრულებთ ჩვენსავე გეგმით, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება“, – განაცხადა გამყრელიძემ.