ამირან გამყრელიძე - ბავშვის ოჯახის წევრები აცრილი უნდა იყვნენ, როდესაც გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, კეთილი ინებონ მშობლებმა და აიცრან
ამირან გამყრელიძე - ბავშვის ოჯახის წევრები აცრილი უნდა იყვნენ, როდესაც გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, კეთილი ინებონ მშობლებმა და აიცრან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, კერძო და საჯარო სკოლებში ორჯერადად ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა 50 პროცენტს ქვემოთაა.

მისივე თქმით, ოქტომბერში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მეტი პედაგოგი და ადმინისტრაციის თანამშრომელი იყოს აცრილი.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ მხოლოდ პედაგოგების აცრა არ არის საკმარისი და უსაფრთხო გარემოსათვის საჭიროა, ასევე, სკოლის მოსწავლის ოჯახის ყველა წევრი იყოს აცრილი.

„ჩვენ გასულ კვირას სერიოზულად შევისწავლეთ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში აცრის მაჩვენებელი – ერთჯერადი და ორჯერადი აცრის მაჩვენებელი. არსად ამ კუთხით მაჩვენებელი 100 პროცენტი არ არის. ასევე, პირდაპირ გეტყვით, რომ კერძო და საჯარო სექტორს შორის აცრების მაჩვენებელში განსხვავება მხოლოდ 5-7 პროცენტის ფარგლებშია. ორივეგან ორჯერადად აცრილთა მაჩვენებელი 50 პროცენტს ქვემოთაა. საშუალოდ, ზოგიერთ დაწესებულებაში ერთჯერადად აცრილთა მაღალი მაჩვენებელი არ არის. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, ეს კვირა, მომავალი კვირა გამოიყენონ, რადგან ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზადყოფნას, რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რათა სწავლა აღდგეს. სასურველია, სკოლებში აცრის მაჩვენებელი იყოს 80 პროცენტი. ამავე დროს, ანგარიშგასაწევი იქნება ის ფაქტორი, თუ რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი ინფექცია. როდესაც გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, კეთილი ინებონ მშობლებმა და აიცრან. ასევე, ბავშვის ოჯახის თითოეული წევრი – ბებია, ბაბუა, აუცილებლად უნდა იყვნენ აცრილი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, განიხილება სწავლის აღდგენა და აუცილებლად უნდა აღდგეს სწავლა საკლასო ოთახებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

დატოვე კომენტარი