ამირან გამყრელიძე - არსებულ ეპიდსიტუაციას თუ შევინარჩუნებთ, არჩევნების ჩატარებას ხელი არ შეეშლება
ამირან გამყრელიძე - არსებულ ეპიდსიტუაციას თუ შევინარჩუნებთ, არჩევნების ჩატარებას ხელი არ შეეშლება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პროგნოზირება რთულია.

„რესპირაციული ვირუსები ჩვეულებრივად მწვავდება, როცა ცივი ამინდი დგება და ეს დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბერშია. ამინდს გააჩნია. მაინც ყველა ვფიქრობთ, რომ კორონაც რადგან რესპირაციული ვირუსია, მიყვება იმ წესებს და თავისებურებებს, რაც მათ ახასიათებთ. ერთი ხაზგასასმელია, რომ იქნება თუ არა მეორე ტალღა, ჩვენ, ჯანდაცვის სფერო, პრევენციული სამსახურები და მთლიანად, ქვეყანა სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გამყრელიძემ.

მისი თქმით, თუ არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება, წინ არაფერი უნდა აღუდგეს არც სკოლებში და არც ბაღებში სწავლის დაწყებას.

ამასთან, მისივე თქმით, არსებულ ეპიდსიტუაციას თუ შევინარჩუნებთ, არც არჩევნების ჩატარებას შეეშლება ხელი.

„თუ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, თუნდაც ოდნავ მეტი შემთხვევა რომ გვქონდეს, ეს ხელს არ შეუშლის არჩევნების ჩატარებას. არჩევნები დადგენილი ჩვეული წესებით ჩატარდება. კონკრეტულად კალმებისა და პირბადეების ხმარებასთან დაკავშირებით სპეციალური ჯგუფია შექმნილი და მუშაობენ, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.