ამირან გამყრელიძე - არ მეგონა, თუ ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის ამდენ შემთხვევას გაუძლებდა, საქართველოს სამედიცინო საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია
ამირან გამყრელიძე - არ მეგონა, თუ ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის ამდენ შემთხვევას გაუძლებდა, საქართველოს სამედიცინო საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის გაზრდილ რაოდენობას მართვას.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს პანდემიის დროს გმირული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„იდეალური არავინ ვართ, არც ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, მაგრამ დამერწმუნეთ, მე, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის სტაჟი მაქვს ჯანდაცვის სექტორში ყველანაირ პოზიციაზე, დაწყებული ჩვეულებრივი ექიმით, დამთავრებული კიდევ სხვადასხვა ჩინოვნიკურ პოზიციებზე, უფლება მაქვს, შედარებითი ანალიზი გავაკეთო. დღეს პირადად მე არ მეგონა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა. მართალია, ხარვეზები არის, სისტემა და ჩვენი გმირი ექიმები რომ ამ ყველაფერს უძლებენ, ნამდვილად ეკუთვნით დიდი მადლობა მთელს სამედიცინო საზოგადოებას. ხშირად მითქვამს, საქართველოს სამედიცინო საზოგადოება არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოება.

ახალგაზრდები ხართ და უნდა იცოდეთ, საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას აქვს ყველაზე რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი შესრულებული თავისი ქვეყნის ცხოვრებაში, იქნებოდა ეს ცხრა აპრილი, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს კონფლიქტი, 2008 წლის კონფლიქტი. ქართველი ექიმები იყვნენ პირველები, რომლებიც სომხებს დავეხმარეთ სპიტაკის მიწისძვრის დროს. დღესაც თითოეული ქართველი ექიმი მხოლოდ მადლობას იმსახურებს.

თითოეული სამედიცინო მუშაკი, ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი. იცით, დღესდღეობით რვა ათასზე მეტი სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. რა თქმა უნდა, აქედან უმრავლესობა თავის სამუშაო ადგილს დაუბრუნდა, გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ დაგვეღუპნენ ჩვენ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები, მათ შორის ექიმები. კიდევ ერთხელ თავს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ისინი წინა ხაზზე არიან. გასულ კვირას სამი ექიმი, მათ შორის ქუთაისის ერთ-ერთი წამყვანი ეპიდემიოლოგი დაგვეღუპა, რამდენიმე ექიმი აჭარაში, თბილისში, ეს რთულია. ხაზს ვუსვამ, სისტემა შედარებით უკეთ არის მზად, მაგრამ იდეალურად ნამდვილად არ ვართ. პანდემიის დროს ყველაზე მწყობრ ჯანდაცვის სისტემებსაც გაუჭირდათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.