ამირან გამყრელიძე - არ გვაქვს დამშვიდების საფუძველი, ირგვლივ მდგომარეობა ისეთია, რომ ყოველწუთს შეიძლება გამწვავდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება
ამირან გამყრელიძე - არ გვაქვს დამშვიდების საფუძველი, ირგვლივ მდგომარეობა ისეთია, რომ ყოველწუთს შეიძლება გამწვავდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება

ჩვენ არ გვაქვს დამშვიდების საფუძველი, ირგვლივ მდგომარეობა ისეთია, რომ ყოველწუთს შეიძლება გამწვავდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შემსუბუქების პოლიტიკა დაიწყო, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, გლობალურად სიტუაცია არასახარბიელოა.

„213 ქვეყანაში არის დაფიქსირებული ინფექცია, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის შემდეგ, უკვე ე.წ. რენკიგნი რასაც ჰქვია, შეიცვალა. მეორე თუ იყო გარკვეული პერიოდი იტალია, შემდეგ ბრიტანეთი და ა.შ. ახლა მეორე ადგილზე გადაინაცვლა რუსეთმა, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა გავრცელების თვალსაზრისით, რადგან ჩვენი უშუალო ჩრდილოელი მეზობელია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ მესამე ადგილზე გადავიდა ბრაზილია, სამხრეთ ნახევარსფერო, სადაც უკვე აცივების პერიოდი, ანუ ზამთრის პერიოდი იწყება. ესაა სწორედ ინდიკატორი, რომ ჩვენ გარკვეულწილად უნდა ვემზადოთ აცივების პერიოდისთვის. ჩინეთი, საიდანაც დაიწყო ეს პანდემია, დღეს მეცამეტე ადგილზეა. ბევრმა ქვეყანამ, გავრცელების, სიკვდილიანობის მაჩვენებლით გადაასწრო. ერთადერთი, ზოგადად, გლობალურად დამაიმედებელია ის, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სადაც 7 პროცენტზე ადიოდა გლობალურად, ჩამოსულია 6,4%-ზე და არის ტენდენცია შემცირების, ანუ ჯანდაცვის სისტემები უფრო მომზადებულია და მეტი ადამიანის გადარჩენა ხერხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გადარჩენისა და გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გლობალურად დღეს არის დაახლოებით 38%. საქართველოს შემთხვევაში, ეს პროცენტი არის 68, რაც პოზიტიური ინდიკატორია.

„ძალიან საყურადღებოა ჩვენი სამეზობლო. ოთხივე ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ საზღვარი გვაქვს. მხედველობაში გვაქვს რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. ყველგან სიტუაცია არასახარბიელოა. შედარებით დაწყნარების ტენდენცია გამოჩნდა თურქეთში, მაგრამ სამწუხაროდ, სერიოზული ზრდაა რუსეთში. ქვეყანა თავისი გავრცელებით მეორეა მსოფლიოში. ზრდაა ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დამშვიდების საფუძველი. ირგვლივ მდგომარეობა ისეთია, რომ ყოველწუთს შეიძლება გამწვავდეს. თუ ჩვენ სწრაფად გადავდგამთ ნაბიჯებს რომელიმე ქვეყანასთან საზღვრის გახსნის და ა.შ. მიმართულებით, სწრაფადვე შეიძლება მივიღოთ ეპიდაფეთქება. ეს არის ხაზგასასმელი, რომ ჩვენ ძალიან სკრუპულოზურად უნდა ვაკვირდებოდეთ ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყნებს, მათ შორის იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ჩვენ ეკონომიკური ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს. მაგალითად  ბელარუსი, სადაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტია ინფექცია. უკრაინაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მოლდოვაში – ყველგან სიტუაცია გაცილებით რთულია“, – განაცხდა ამირან გამყრელიძემ.