ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, საქართველო ჩინურ ვაქცინას 3 აპრილს მიიღებს
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, საქართველო ჩინურ ვაქცინას 3 აპრილს მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, საქართველო ჩინურ ვაქცინას კვირის ბოლოს მიიღებს. მისივე თქმით, საქართველოში „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინა შემოვა.

გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნული ვაქცინები აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის იმის მიერ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მკაცრ მარეგულირებლად განიხილავს.

„რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, დაგიანონსებთ, რომ შაბათს, ამ კვირის ბოლოს უნდა შემოვიდეს საქართველოში, ასე არის წინასწარი ინფორმაცია. ჩინეთს დღეს წარმოებაში აქვს ხუთი ვაქცინა, აქედან ორი არის უკვე საერთაშორისო გამოყენებაში, გარდა ჩინეთისა, მას იყენებენ სხვა ქვეყნები ძალიან ფართო მასშტაბით. ჩვენთან შემოდის „სინოფარმი“, რომელიც იყიდა ქვეყანამ და „სინოვაკი“, რომელიც საჩუქრად ეძლევა საქართველოს 100-100 ათასი დოზა. ეს არის ორი ჩინური ვაქცინა, რომელიც გარდა ჩინეთისა, სადაც აცრილია დაახლოებით 80 მილიონ ადამიანზე მეტი, ფართედ გამოიყენება რიგ ქვეყნებში, როგორიცაა არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თურქეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიასა თუ ჩილეში და ა.შ. ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს მკაცრ მარეგულირებლად, ასეთია უნგრეთის, როგორც ევროკავშირის ერთ ერთი წევრის მარეგულირებელი. ამ ორივე ვაქცინაზე განაცხადი გაკეთებული აქვს ჩინეთს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, როგორც ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, ადრეულ აპრილში უნდა მიეცეს მას ავტორიზაცია. აქედან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებებიც საქრთველოში. როგორც გითხარით, დიახ, შემოდის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, „რამდენად მიზანშეწონილია იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზებული არ არის“, – გამყრელიძე პასუხობს: „საქართველოს კანონმდებლობით, როდესაც ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებელი აღიარებს, პარალელური იმპორტით მისი შემოტანა შესაძლებელია. ორივე ამ ვაქცინაზე მალე უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია და რომ დიდი დეფიციტია ვაქცინების. სადაც წარმატებით მიმდინარეობს ვაქცინაცია, ყველა იმ ქვეყანაში თანდათან შემცირდა როგორც ახალი შემთხვევების რიცხვი, ისე სიკვდლიანობა და ჰოსპიტალიზაცია, ეს მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამიტომ თუარ დავაჩქარეთ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი, სამწუხაროდ, ისე ამ ეპიდემიას ვერ დავასრულებთ. გექნებათ ყველა ინფორმაცია, იქნება გამჭვირვალე. გარკვეული გამოკითხვები ჩატარებული გვაქვს და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელსაც სხვადასხვა ვაქცინით ჩატარებული აქვს ვაქცინაცია, ენდობა ამ ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ვაქცინას. ამიტომ მოსახლეობის არჩევანი იქნება, შეეძლებათ, აირჩიონ „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, და ჩინური ვაქცინა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ჩინური ვაქცინა საკმაოდ წარმატებით გამოიყენება. ამიტომ, შეგვიძლია, ამ საკითხებზე ვისაუბროთ, განვიხილოთ, მაგრამ ის, რომ ვაქცინაცია აუცილებელია და ვაქცინაციას მოაქვს დიდი ეფექტი, განსჯას არ ექვემდებარება“, – განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ვაქცინა პირდაპირი მწარმოებლისგან იყიდა.

„ამაში ჩართული იყო დიპლომატიური არხები, პრდაპირ იქნა შესყიდული, შუალედური კომპანია არ ყოფლა“, – დასძინა გამყრელიძემ.