ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში პირველი ივნისის შემდეგ კორონავირუსის ახალი შტამები არ დადასტურებულა, თუმცა საეჭვო შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში პირველი ივნისის შემდეგ კორონავირუსის ახალი შტამები არ დადასტურებულა, თუმცა საეჭვო შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირველი ივნისის შემდეგ კორონავირუსის ახალი შტამების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა საეჭვო შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს.

„ვირუსის ახალი ვარიანტების ახალი შემთხვევები ლაბორატორიულად არ დადასტურებულა იმის შემდეგ, რაც გვქონდა ინფორმაცია, სავარაუდო ფაქტებს ვიკვლევთ. როდესაც ხდება ეჭვის მიტანა სხვადასხვა შტამზე, მიმდინარეობს მათი შემდგომი სეკვენირება. ჩვენთან კვლევა, მონიტორინგი სხვადასხვა შტამზე და მათ ცირკულაციაზე მიმდინარეობს. 5+1-ის შემდეგ აღარ დადასტურებულა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები 27 მაისს გამოვლინდა. ინდური შტამი ხუთ მოგზაურს დაუდგინდა.

ამასთან, პირველ ივნისს ქვეყანაში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა.

დატოვე კომენტარი