ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ვითარება საყურადღებოა, თუმცა პანიკისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს.

გამყრელიძის განმარტებით, ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

„პროგნოზირებადი იყო რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ შემთხვევათა შესაძლო ზრდა, მით უმეტეს მოგეხსენებათ, რომ ინტენსიური გახდა მგზავრობა სხვადასხვა ქვეყნებთან, უფრო მეტი ადამიანი შემოდის ზაფხულში ქვეყანაში. მართალია, ისინი გადადიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში, მაგრამ მედიცინაში 100-პროცენტიანი არაფერია. გარკვეულად იმის გამო, რომ იგრძნობა ქვეყანაში ცოტა მოშვება და იმის ილუზია, რომ უკვე დავამარცხეთ კორონა, შედეგი გვაქვს, რომ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. მაგრამ ხაზს ვუსვამ, მდგომარეობა მართვადია და კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ გაჩიანის დასახლებისა და ლილოს ბაზრობის კლასტერის მიმართ.

„ჩვენ განსაკუთრებით სიფრთხილით ვეკიდებით და გვეშინია ამ ორი კლასტერის, რომელიც არის გარდაბანში, გაჩიანის დასახლების და ლილოს ბაზრობის. ამიტომ აქ მიმდინარეობს ინტენსიური, გაფართოებული კვლევები. გუშინ დაახლოებით ორივე ადგილზე 500-500 ნიმუში იქნა აღებული და მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება კვლევები, რათა მაქსიმალურად დროზე გამოვავლინოთ ინფიცირებულები. სულ ჯამში ამჟამად ორი პაციენტია, რომლის წყაროც არაა დადგენილი, დანარჩენზე ყველაზე გავედით და ამ პაციენტებზეც დაახლოებით უკვე ვიცით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.