ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით, შეზღუდვების პერიოდში ანტიგენის სწრაფ ტესტებზე ხელმისაწვდომობა გაფართოვდება
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით, შეზღუდვების პერიოდში ანტიგენის სწრაფ ტესტებზე ხელმისაწვდომობა გაფართოვდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების პერიოდში მაქსიმალურად გაფართოვდება ქვეყანაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და იდენტიფიცირება.

გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება და შესაბამისი დადგენილება, ასევე მინისტრის ბრძანება გამოიცემა.

„მოგეხსენებათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეზღუდვების პერიოდში კიდევ მეტად გაფართოვდეს ადრეული იდენტიფიცირების მიზნით ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა. ამიტომ, მოგეხსენებათ, ბოლო თვენახევრის, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ახალი მიმართულებაა, რომ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები თუ სწორედ არის გაკეთებული, თითქმის იგივე შედეგს იძლევა, რაც ოქროს სტანდარტი, „პისიარ“ ტესტი. ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ორი თვის განმავლობაში, რაც მთავრობის მიერ შემუშავებულია შეზღუდვების გეგმა, ამ პერიოდში ქვეყანაში მაქსიმალურად გაფართოვდება ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შესაბამისი დადგენილება და მინისტრის ბრძანება გამოიცემა. მაგალითად, თუ დილის მონაცემით ჩვენ გვაქვს ჩატარებული 10 234 „პისიარ“ ტესტი და დაახლოებით 3 700-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, ეს დაახლოებით უნდა გაორმაგდეს, ანუ 20-დან 25 000-ის ფარგლებში. დაახლოებით უნდა ვატაროთ 10, 11, 12 000 „პისიარ“ ტესტი ქვეყანაში და ერთი ამდენი კიდევ სწრაფი ტესტი. ეპიდემიის გავრცელების ე.წ. ჯაჭვი რომ გავწყვიტოთ, ან შევანელოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ინფიცირებულის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, იქნება ეს მსუბუქი, თუ უსიმპტომო, შემდგომ მათ იზოლირებას.

ეს არის ძირითადი მიზანი, თუ რატომ უნდა გაფართოვდეს კიდევ მეტად ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა და ტესტირების მაჩვენებელი. ამ ორი თვის განმავლობაში, რაც ქვეყანაში შეზღუდვები იმოქმედებს, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პროცესი გაფართოვდეს. ჩვენ გვაქვს 350 000-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომელსაც ვიყენებთ. მოგეხსენებათ, ყოველდღიური მაჩვენებელი ახლა გვაქვს 3 000-3 5000-ის ფარგლებში, წინა დადგენილებით ის გაუთანაბრდა „პისიარის“ დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას, ანუ ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა უკვე აღარ ექვემდებარება გადამოწმებას, როგორც ეს გვქონდა გაზაფხულზე და ვთქვათ, ზაფხულში. მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადამოწმება, ექიმის გადაწყვეტილებით – თუ ადამიანი არის უსიმპტომო, ანტიგენი დადებითია და ექიმი თვლის, რომ საჭიროა გადამოწმება, შეიძლება, გადამოწმდეს. ან თუ არის გამოხატული კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ანტიგენი უარყოფითია, ისევ ექიმის  გადაწყვეტილებით შეიძლება, გადამოწმდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.