ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინდური შტამით ინფიცირებული ხუთი პირიდან უცხო ქვეყნის სამმა მოქალაქემ ქვეყანა უკვე დატოვა, ხოლო საქართველოს ორი მოქალაქე ბინაზე განაგრძობს მკურნალობას
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინდური შტამით ინფიცირებული ხუთი პირიდან უცხო ქვეყნის სამმა მოქალაქემ ქვეყანა უკვე დატოვა, ხოლო საქართველოს ორი მოქალაქე ბინაზე განაგრძობს მკურნალობას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ხუთი პირიდან, რომელთაც კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი გამოუვლინდათ, ორი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო სამი უცხო ქვეყნების.

„როგორც მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუდმივ რეჟიმში აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე კორონავირუსის შტამების მონიტორინგს. ხშირად აღვნიშნავდით და აღვნიშნავთ, რომ ძირითადად დღეს ქვეყანაში, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ცირკულირებს ე.წ. ბრიტანული შტამი. ამავე დროს, მიმდინარეობს ზედამხედველობა სხვა შტამებთან მიმართებით. იცით, რომ დღეს, ბრიტანულ შტამთან ერთად, აქტიურად განიხილება სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ყურადღება მიიქცია ინდურმა შტამმა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში დღეისათვის კორონავირუსის შემთხვევების 90-დან 100 პროცენტამდე ე.წ. ბრიტანულ შტამთან არის დაკავშირებული.

„დღეს ქვეყანაში ხუთ პიროვნებას ასევე დაუდასტურდა, როგორც „პისიარ“ კვლევებით, ისე შემდგომ გენომის სეკვენირებით, ინდური შტამის არსებობა. ამ ხუთი ადამიანიდან ორი გახლავთ საქართველოს მოქალაქე. ხუთივეს აქვს უცხოეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით, შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია და საქართველოში ​შემოსულნი იყვნენ მაისის შუა რიცხვებში. ხუთივე ადამიანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქედან სამმა, რომლებიც გახლდნენ უცხოელები, უკვე დატოვეს ქვეყანა, ხოლო დანარჩენი ორი, საქართველოს მოქალაქეები, არიან შესაბამისად იზოლირებულნი და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ისინი არიან სახლის პირობებში და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ორი პირის კონტაქტები გამოკვლეულია და ისინი იზოლირებულნი არიან.

გამყრელიძის განმარტებით, ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ე.წ. ინდური შტამის არსებობა დადასტურდა როგორც სპეციფიკური „პისიარ“ ტესტებით, ისე გენომის სეკვენირებით.

„ინდური შტამისა და სხვა შტამების დასადგენად, ჩვენ გვაქვს სპეციფიკური „პისიარ“ ტესტები, რომლებიც მოწოდებულია ჩვენი პარტნიორების მიერ, მაგრამ მათი საბოლოო დიაგნოსტირება ხდება გენომის სეკვენირებით. ამ შემთხვევაში გამოყენებულია როგორც „პისიარ“ ტექნოლოგიები, ისე ხუთივე შემთხვევა დადასტურებულია გენომის სეკვენირებით და გენომში არსებული შესაბამისი მუტაციებით, რომლებიც დამახასიათებელია სწორედ ინდური შტამისთვის“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებულები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

„აქედან ორი გახლავთ, როგორც გითხარით, საქართველოს მოქალაქე, ხოლო სამი სხვა ქვეყნების მოქალაქეები, უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, ხუთივე პირი საქართველოში ერთი და იმავე ქვეყნიდან შემოვიდა.

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევები დღეს გამოვლინდა.

დატოვე კომენტარი