ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გუშინდელთან შედარებით ნაკლები რაოდენობა შაბათ-კვირას ტესტირების სიმცირეს უკავშირდება
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გუშინდელთან შედარებით ნაკლები რაოდენობა შაბათ-კვირას ტესტირების სიმცირეს უკავშირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინდელ მონაცემებთან შედარებით, საქართველოში დღეს არსებული კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ნაკლები რაოდენობა დასვენების დღეებში ტესტირების სიმცირეს უკავშირდება.

„ქვეყანაში თებერვლის შემდეგ დადასტურებულია 162 475 შემთხვევა. დღეს დილისთვის ახალი შემთხვევა იყო 4 321, აქედან „პისიარ“ ტექნოლოგიით დადასტურდა 2 404 და ანტიგენზე დამყარებული ტესტებით – 1917. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი გვაქვს თბილისში, გავრცელების მიხედვით შემდეგ მოდის იმერეთი, შემდეგ აჭარა, ასევე, საკმაოდ მოიმატა გამოვლენამ სამეგრელო-ზემო სვანეთში, 433 შემთხვევა გვქონდა სამეგრელოში, იმატებს შემთხვევები ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. გუშინდელთან შედარებით დღეს უფრო ცოტაა დადასტურებული შემთხვევები, რადგან შაბათ-კვირას გვაქვს ტესტირებულთა რაოდენობის შემცირება. თუ გუშინ ჩატარდა 18 ათასი ტესტი, დღევანდელი მაჩვენებელი შედარებით მცირეა, კერძოდ, ჩატარებულია 8 580 „პისიარ“ ტესტი და 5 816 ანტიგენის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, შემდეგ კვირაში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი გაიზრდება, რადგან ტესტირება სერიოზულად გაფართოვდა.

„გამოვლენის მაჩვენებელი მეტი გვექნება, რადგან თქვენ იცით, რომ ბოლო ოთხი, თუ სამი დღეა, ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი ინტენსიურად გაიზარდა, ყოველდღიური მაჩვენებელი 15 ათასიდან 18 ათასის ფარგლებშია და უნდა ავიდეთ 20 ათასზე. ალბათ, სადღაც სამშაბთ-ოთხშაბათს ჩვენ ავალთ დღიური მაჩვენებლით 20 ათას კვლევაზე.

შესაბამისად, გამოვლენა მეტი გვექნება, მაგრამ ძირითადად მაინც იქნება მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევების ხარჯზე. დღესაც დინამიკას ეტყობა, რომ ბინაზე დატოვებულთა რიცხვი წინა დღეებთან შედარებით გაცილებით მეტია. მოგეხსენებათ, ბინაზე მკურნალობას და მონიტორინგს გადიან ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევები და დღევანდელი მონაცემებით, 16 568 ადამიანი არის ბინაზე.

დილის მონაცემებით, სტაციონარებში ჰოსპიტალიზირებულია 6 897, კოვიდ-სასტუმროებში არის 4 ათასამდე, აქტიური შემთხვევა გვაქვს 27 434 და შემცირებულია ჰოსპიტალში მოთავსებულთა პროცენტი 25 პროცენტამდე,  რაც იმის ნიშანია, რომ ტრიაჟი უკეთესად მიმდინარეობს და ჰოსპიტალში ხვდება ის ადამიანი, ვისაც ნამდვილად სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა. შესაბამისად, გაიზარდა ბინაზე მონიტორინგის და მკურნალობის მაჩვენებელი.

1066-ია მძიმე პაციენტი, აქედან 420 არის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. ყველაზე მეტი თბილისშია, რადგან ყველაზე მძიმე პაციენტები კონცერტრირდება თბილისის საავადმყოფოებში, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს გარდაცვალების 42 შემთხვევა, სულ 1 504. ინფცირებულებიდან ყველაზე მეტი – 72 პროცენტი არის სიმპტომებიანი. სამედიცინო პერსონალს რაც შეეხება, დღევანდელი დილის მონაცემებით, ინფიცირებულია სამედიცინო პერსონალის 252 წარმოამდგენელი, ხოლო მთლიანად ამ ხნის განმავლობაში ინფიცირებულია სამედიცინო პერსონალის 10 050 წარმომადგენელი. სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულთა 6,5 პროცენტია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 5 450-ს შეადგენს.