ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბაზრობებზე ყურადღება გასამკაცრებელია
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბაზრობებზე ყურადღება გასამკაცრებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში გაფართოებული ტესტირება დაიწყო.

გამყრელიძის თქმით, სოფელ ყარაჯალარში ამ დროისთვის ექვსი ბრიგადა მუშაობს. გამყრელიძის განმარტებით, დილის მონაცემებით, 107 ბიოლოგიური ნიმუში იყო აღებული.

„ვფიქრობთ, დღეს სადღაც 600-700 ნიმუშს ავიღებთ. ამ კვირაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ამ ადამიანებთან, ინტენსიური გამოკვლევა, რათა სრულად მოვიცვათ ეს ადამიანები და სადაც იდენტიფიცირებული იქნება ინფექცია, შესაბამისად, სამკურნალოდ იქნებიან გადაყვანილი, მათი ახლო კონტაქტები იქნება გამოკვლეული კარანტინში, რათა დროულად ჩავახშოთ მცირე ეპიდაფეთქება, რაც გვაქვს და არ მივცეთ ინფექციას გავრცელების საშუალება, რადგან ეს ადამიანები ძალიან აქტიური არიან, ისინი მუშაობენ სხვადასხვა ბაზრობებზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ბაზრობებზე ყურადღება გასამკაცრებელია.

„გასამკაცრებელი იქნება ყურადღება მთელ რიგ, მათ შორის ლილოს, დინამოს ბაზრობაზე, სხვადასხვა სასურსათო პროდუქტების ბაზრობებზე, აუცილებელია თერმოსკრინინგი, შესაბამისად, სიმპტომებიანი ადამიანების ადრეულ ეტაპზე გამოკვლევა, მათი იზოლირება კარანტინში. სადაც დადგინდება „პისიარით“ დადებითი, მათი მკურნალობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.