ამერიკულმა ჯარებმა ესტონეთი გაურკვეველი ვადით დატოვეს
კემპ რიდოს (ვორუმაას მაზრა) ბანაკში განთავსებული ამერიკელი ჯარისკაცი
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის („რეფორმის პარტია“) განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალების ახალი ქვედანაყოფი ესტონეთში, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს ჩავა და წლის ბოლომდე დარჩება, უფრო შორეული პერსპექტივა კი, ჯერჯერობით, გარკვეული არ არის.
პევკურის თქმით, ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა სარდალმა და ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა მას აცნობეს, რომ ახალი ქვედანაყოფი ესტონეთში ზაფხულში უნდა ჩავიდეს და წლის ბოლომდე დარჩეს.
თუმცა, ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება უცნობია და არც იმის შესახებ არსებობს ინფორმაცია, თუ რა მოხდება მომდევნო წლებში.
„ამ საკითხს პენტაგონში ექვსთვიანი განხილვის შემდეგ მოეფინება ნათელი. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, შემდეგი როტაცია ესტონეთში ზაფხულში უნდა განხორცილდეს“, – განუცხადა მინისტრმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს (ERR).
ესტონეთში ამერიკული ჯარების შემდგომი დისლოკაცია დამოკიდებულია პოლონეთში აშშ-ს სამხედრო ძალების როტაციაზეა, რომლის ვადებიც ასევე გაურკვეველია.

ფოტოს ავტორი: ოლივერ კაური, ესტონეთის თავდაცვის ძალები (EDF – Estonian Defense Forces)
„ზუსტად როდის ჩავა ბრიგადა პოლონეთში, რთული სათქმელია. ეს, რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში არ მოხდება – პროცესი გაცილებით მეტ დროს მოითხოვს. ამის შემდეგ გაირკვევა, ესტონეთში როტაციის წესით განთავსებული ქვედანაყოფები პოლონური ბრიგადიდან შეივსება თუ სხვა სამხედრო დანაყოფიდან გამოიგზავნება“, – განაცხადა პევკურმა.
ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუს) ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კალევ სტოიჩესკუს („ეესტი 200“) განცხადებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები შეერთებულმა შტატებმა გაურკვეველ მოლოდინში დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფოები თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავენ.
„ჩვენ შეგვიძლია ვიმღეროთ, ვიცეკვოთ და ცალ ფეხზეც კი ვიხტუნაოთ, მაგრამ გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში, თეთრი სახლი და აშშ-ის ადმინისტრაცია, ამერიკის ინტერესებისა და ხედვის საფუძველზე იღებენ“, – აღნიშნა მან.
სტოიჩესკუმ ასევე დასძინა, რომ თუ აშშ-ის ძალები ევროპაში სადმე უნდა დარჩნენ, ეს სწორედ აღმოსავლეთი ფლანგი უნდა იყოს.
პევკურის თქმით, უახლოეს დღეებში ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ესტონეთში აშშ-ის ჯარების მომავალთან დაკავშირებით სიახლეები მოსალოდნელი არ არის. ესტონეთს მოუწევს დაეყრდნოს საკუთარ შესაძლებლობებსა და ნატო-ს საბრძოლო ჯგუფებს, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში არიან დისლოცირებულნი.
გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით მოქმედი ნატო-ს საბრძოლო ჯგუფი, რომელიც ბრიტანული და ფრანგული ძალებისგან შედგება, ესტონეთში 2017 წლიდან არის განთავსებული.
სტატიის ავტორი: ვაურ ლაური, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ERR (Eesti Rahvusringhääling)
ფოტოს ავტორი: ესტონეთის თავდაცვის ძალები (EDF – Estonian Defense Forces)