აშშ-ის სადაზვერვო სამსახური - ჩინეთის მცდელობა, მოიპოვოს ამერიკელების სამედიცინო მონაცემები, საფრთხეს წარმოადგენს
ჩინეთის მცდელობა, მოიპოვოს ამერიკელების სამედიცინო მონაცემები, მათ შორის დნმ, აშშ-ის ეკონომიკისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ აშშ-ის „კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის“ განცხადებაშია აღნიშნული.
ამერიკული სადაზვერვო სამსახურის ცნობით, მრავალი წლის განმავლობაში ჩინეთი აშშ-ის და მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სამედიცინო მონაცემებს კანონიერი და უკანონო გზებით აგროვებდა, რომლის მიზანია, მხოლოდ ჩინეთს ჰქონდეს კონტროლის შესაძლებლობა.
აშშ-ის „კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის“ ინფორმაციით, ჩინეთის მხრიდან მონაცემების შეგროვება განსაკუთრებით გააქტიურდა „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს.
ვაშინგტონის მტკიცებით, ჩინეთის წამყვანმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 180 ქვეყანას მიჰყიდა ტესტების ნაკრები და 18 ქვეყანაში ლაბორატორია დააფუძნა. აშშ-ს ხელისუფლების ცნობით, ეს ლაბორატორიები ჩინელ მკვლევარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამედიცინო მონაცემების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ.