ამერიკული რეკორდი ქართველების მონაწილეობით
ამერიკული რეკორდი ქართველების მონაწილეობით

პლანეტაფოტბოლის“ ცნობით, „ვანკუვერის“ მეკარე მაკს კრეპომ ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS – მეიჯორლიგა) სეივების (ნახტომში მოგერიებული დარტყმები) რეკორდი გააუმჯობესა.

ამ ამბავში საინტერესო კი ისაა, რომ ისტორიის მონაწილეები ქართველებიც იყვნენ. მეიჯორ ლიგის ბოლო ტურში „სან ხოსემ“, სადაც გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ, ახალი რეკორდსმენის გუნდი „ვანკუვერი“დაამარცხა – 3:1. რეკორდი სწორედ ამ შეხვედრაში დამყარდა.

ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა, კანადური კლუბი საკმაოდ ტანმორჩილ (180 სმ სიმაღლე) მეკარეს კრეპოს რომ არ გადაერჩინა. მან შეხვედრის დროს 16 რთული დარტყმა მოიგერია. „პლანეტაფოტბოლმა“ სტატისტიკური მონაცემები მოიძია და აღმოჩნდა, რომ „ვანკუვერის“ კიპერმა ამერიკული ლიგის 22 წლის წინანდელი რეკორდი გააუმჯობესა.

ამ 16 დარტყმიდან 25 პროცენტი, ანუ ოთხი დარტყმა, მაკს კრეპომ ქართველებს აუღო – პირველად ახლო მანძილიდან გურამ კაშიას თავურ დარტყმაზე საოცარი რეაქცია გამოავლინა, სამჯერ კი, ვაკო ყაზაიშვილს აჯობა, რომელიც კანადელის რიგით მეხუთე, მეექვსე და მეცხრე სეივების მონაწილეა. კრეპომ ჯერ ბურთი „ცხრიანიდან“ მოხსნა, შემდეგ პირისპირ გასულ ქართველს აჯობა, მეცხრე სეივის დროს კი, კუთხეში დარტყმული ბურთი მოიგერია.