ამერიკული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში აშშ-ის საელჩო ახორციელებს „გადაუდებელ მზადებას“, თუ დიპლომატიური კორპუსის ნაწილის ევაკუაცია გახდება საჭირო
ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის საელჩო კიევში დიპლომატიური კორპუსის ნაწილის ევაკუაციისთვის ემზადება.
„ეიბისი ნიუსის“ მიერ მოპოვებული შიდა ელექტრონული ფოსტის მასალების მიხედვით, უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა ახორციელებს „გადაუდებელ მზადებას“ იმ შემთხვევისთვის, თუ დიპლომატიური კორპუსის ნაწილის და დიპლომატების ოჯახების ევაკუაცია გახდება საჭირო.
გავრცელებული ცნობით, აშშ-ის საელჩო ეძებს უსაფრთხოების დამატებით პერსონალს მომავალი თვისთვის, რადგან „მუდმივი პერსონალი განაგრძობს საგანგებო მზადებას ავტორიზებული ან ნაბრძანები ევაკუაციისთვის“, როდესაც საელჩო ნებას დართავს დიპლომატების ოჯახებს და დიპლომატების ნაწილს საფრთხის გამო ადგილმდებარეობა შეიცვალონ.
29 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დიპლომატიური სამსახური ახორციელებს ჩვეულებრივ დაგეგმილ მოქმედებებს საგანგებო სიტუაციებისთვის, იმ შემთხვევებისთვის, თუ უსაფრთხოების სიტუაცია სერიოზულად გაუარესდება.