ამერიკული მედია - მამუკელაშვილს შეუძლია მომავალში იანისთან კარგი ტანდემი შექმნას #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილმა „მილუოკი ბაქსის“ შემადგენლობაში სადებიუტი შეხვედრა ჩაატარა და შეიძლება ითქვას, რომ ყველას დაანახა, თუ რა შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს. 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა „კლიპერსთან“ მოგებულ შეხვედრაში (81:78) 29 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 11 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა და ასევე 4 პასისა და 1 ჩაჭრის დაგროვებაც მოასწრო.
ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, Clutch Points-მა საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც ავტორი დაწვრილებით აღწერს სანდრო მამუკელაშვილის როლს გუნდში და მას „მილუოკის“ მომავალ ვარსკვლავურ ცენტრადაც მოიაზრებს.
„სეზონის დაწყებამდე „მილუოკი ბაქსი“ ძალიან პროდუქტიულია. მიუხედავად იმისა, რომ მათ დაკარგეს პი ჯეი ტაკერი, გუნდმა ბობი პორტისთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოახერხა. მათ ასევე დაიმატეს ტორი კრეიგი, ჯორჯ ჰილი, როდნი ჰუდი და სემ ოჯელეი.
თავისუფალი აგენტების ბაზარზე აქტიურობის შემდეგ, „ბაქსი“ დრაფტის ღამეს შედარებით უფრო პასიურობდა. 2021 წლის დრაფტზე მათ არჩევანის უფლება ჰქონდათ და გადაწყვიტეს სანდრო მამუკელაშვილის სახით, კიდევ ერთი მაღალი კალათბურთელი დაემატებინათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ ერთი არჩევანის უფლება ჰქონდათ, მათ ეს ნამდვილად კარგად გამოიყენეს. მოდით შევაფასოთ „ბაქსის“ 2021 წლის დრაფტის ერთადერთი არჩევანი.
მძიმე ფორვარდი/ცენტრი – სანდრო მამუკელაშვილი
„ბაქსს“ მძიმე ფორვარდისა და მსუბუქი ფორვარდის პოზიციებზე არაერთი ვარიანტი აქვს, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, გუნდის შედარებით ნაკლებ სიღრმეს ცენტრის პოზიციაზე, მაშინ შეიძლება „მილუოკის“ ეს არჩევანი დადებითად შეფასდეს. ბრუკ ლოპესისა და იანის ანტეტოკუნმპოს გარდა, რომლებიც ცენტრისა და მძიმე ფორვარდის პოზიციებზე ერთმანეთს ეცვლებიან , „ბაქსს“ შემადგენლობაში 5 ნომერზე სათამაშოდ სხვა ალტერნატივა არ აქვს. სანდრო მამუკელაშვილი კი გუნდს შეუძლია გამოიყენოს როგორც ცენტრის, ასევე მძიმე ფორვარდის პოზიციაზე.
თუმცა, მამუკელაშვილი 2021-22 წლის სეზონში უფრო სათადარიგო მოთამაშე იქნება, რადგან „ბაქსის“ შემადგენლობა უკვე ბოლომდეა დაკომპლექტებული და ახალგაზრდა დებიუტანტისთვის ძალიან მცირე სათამაშო დრო დაეთმობა. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ბრუკ ლოპესი კარიერას დაასრულებს ან სხვა გუნდში გადავა, სანდრო შესაძლოა „მილუოკის“ ვარსკვლავური ცენტრი გახდეს.
„სეტონ ჰოლში“ ყოფნის პერიოდში, სანდრო საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნასა და 3.2 პასს აგროვებდა, ბოლოს კი Big East-ის წლის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. სანდრომ გვაჩვენა თავისი პოტენციალი, მისი მრავალფუნქციური უნარებით. მას პარკეტზე თავისუფლად გადაადგილება, მოხსნების დაგროვება და ფარქვეშ კარგი თამაში შეუძლია.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ბაქსს“ ამ ეტაპზე ფორვარდისა და ცენტრის პოზიციებზე გადატვირთული შემადგენლობა ჰყავს, შეიძლება დიდი დრო გავიდეს, სანამ სანდრო დიდ სათამაშო დროს მიიღებს. მაგრამ, მამუკელაშვილს შეუძლია გახდეს „მილუოკის“ მომავალი ცენტრი, რომელიც იანისთან კარგ ტანდემს შექმნის და დაეხმარება უფრო მეტი ტიტულის მოპოვებაში.“
მამუკელაშვილის „მილუოკი“ შემდეგ შეხვედრას საზაფხულო ლიგაზე ხვალ „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.