ამერიკული მედია - Capital Gazette-ზე თავდამსხმელმა 2012 წელს გაზეთთან სასამართლო დავა წააგო და რედაქციას ემუქრებოდა
ამერიკული მედია - Capital Gazette-ზე თავდამსხმელმა 2012 წელს გაზეთთან სასამართლო დავა წააგო და რედაქციას ემუქრებოდა

ამერიკული მედია გაზეთ Capital Gazette-ს რედაქციაზე თავდამსხმელის ვინაობას ასახელებს. მათი ცნობით, ბოროტმოქმედი 38 წლის ჯაროდ რამოსია, რომელმაც 2012 წელს გაზეთთან სასამართლო დავა წააგო და მას შემდეგ ინტერნეტის საშუალებით რედაქციას ემუქრებოდა.

აღნიშნულ ინფორმაციას სამართალდამცველები ჯერჯერობით არ ადასტურებენ. თუმცა, Baltimore Sun-ის ცნობით, პოლიცია ჯაროდ რამოსის სახლს უკვე ამოწმებს.

ეჭვმიტანილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. ამასთან ერთად, ბოროტმოქმედმა დაკავებამდე თითები დაიზიანა. შედეგად, სამართალდამცველები მისი იდენტიფიცირებისთვის, თითის ანაბეჯდის ნაცვლად სხვა, შედარებით ხანგრძლივ პროცედურას მიმართავენ.

აშშ-ში, მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გაზეთ Capital Gazette-ს ოფისში ბოროტმოქმედმა შაშხანის ტიპის იარაღით ცეცხლი გახსნა. შედეგად, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. დაღუპულებს შორის ერთი რეპორტიორი, სამი რედაქტორი და ერთი გაყიდვების ასისტენტია. თავდასხმის დროს რედაქციაში 170-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს.