ამერიკული მედია - ბითაძისა და ვილიამსონის სურათი გოგას „ინდიანაში“ გატარებულ დროს კარგად ასახავს [ვიდეო] #1TVSPORT
ამერიკული მედია - ბითაძისა და ვილიამსონის სურათი გოგას „ინდიანაში“ გატარებულ დროს კარგად ასახავს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ 22 წლის ცენტრი გოგა ბითაძე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში უკვე მესამე სეზონს ატარებს. ამერიკულმა გამოცემა 8points9seconds-მა ახალგაზრდა კალათბურთელს ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც ავტორი გოგაზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ ქართველი ცენტრი მომავალში პროგრესს განაგრძობს. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

„გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსმაNBA-ის 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია. გახსოვთ, ალბათ, ქართველი კალათბურთელისა და ზაიონ ვილიამსონის სურათი, რომელიც პრესკონფერენციაზე გადაიღეს და ვირუსულად გავრცელდა – ყველანაირი ყურადღება ზაიონისკენაა მიმართული.

ეს სურათი ზუსტად ასახავს გოგას „ინდიანაში“ გატარებულ დროს.

გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია, სადაც ცენტრის პოზიციაზე ორი ვარსკვლავი თამაშობდა. არის თუ არა მესამე სეზონი ქართველი კალათბურთელისთვის განსხვავებული?

22 წლის გოგა ბითაძემ NBA-ში ყოფნის 3 წლის პერიოდში საინტერესო გამოცდილება მიიღო. მან სადებიუტო წელს უფრო მეტი ითამაშა, ვიდრე მეორე წელს და როგორც ჩანს, მესამე წელსაც იგივე იქნება, რაც კარგი ნამდვილად არ არის.

ხანდახან ეს ტრავმის ბრალიც იყო – მაგალითად, მეორე წელს გოგამ ამ მიზეზის გამო 19 შეხვედრა გამოტოვა. მაგრამ მისი პრობლემები მხოლოდ ტრავმებთან არაა დაკავშირებული.

პეისერსში“ არსებული სათამაშო სტრუქტურა არ უწყობს ხელს გოგას მსგავს მოთამაშეს მიიღოს სტაბილური სათამაშო დრო, რაც მას ნამდვილად სჭირდება. მას შემდეგ, რაც „ინდიანამ“ 2021 წლის დრაფტზე 23-ე ნომრად კიდევ ერთი ცენტრი, აიზია ჯექსონი აირჩია, გოგასთვის ამ სტაბილური სათამაშო დროის მიღება გარკვეული ცვლილების გარეშე წარმოუდგენელია.

ამ სეზონში „ინდიანამ“ 34 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 20-ში დამარცხდა, 14 კი მოიგო. გოგამ მხოლოდ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე მეტი, 21 წუთი 19 ნოემბერს „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ ითამაშა, სადაც 11 ქულისა და 4 მოხსნის დაგროვება მოახერხა.

ამ სეზონში მან პარკეტზე 10 წუთზე მეტი კიდევ 5 მატჩში გაატარა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გუნდის მენეჯმენტმა ბითაძე G ლიგის გუნდში „ფორტ ვეინ მედ ენტსში“ გაეშვა. გოგამ განვითარების ლიგაში ორი შეხვედრა ჩაატარა და დაამტკიცა, რომ NBA-ის კალიბრის მოთამაშეა. მან „გრანდ რაპიდს გოლდის“ წინააღმდეგ 38 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.

ბოლო მატჩი, სადაც ბითაძემ მნიშვნელოვანი წუთები მიიღო „პეისერსმა“ „ჰიუსტონ როკეტსის“ წინააღმდეგ გამართა – დომანტას საბონისმა ეს შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

გოგა წინა სეზონებში გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა და ბლოკის დაყენებისა და გადაადგილების მხრივაც უჭირდა. თუმცა, მისი მცდელობები „ჰიუსტონის“ წინააღმდეგ შესამჩნევი იყო.

 

გოგას თავიდან კუთხეში გადასვლა უნდოდა, მაგრამ, როცა დაინახა, რომ ჯერემი ლემბი სროლას აპირებდა მან კარგად ითამაშა – ფარისკენ დაიძრა და არ მისცა მეტოქეს საშუალება, რომ ბურთზე ეთამაშა, რის შემდეგაც აგრესიულად მოხსნა ბურთი და 2 ქულაც აიღო.

ჩემი დასკვნა არის ის, რომ გოგას თავდაჯერებულობა ემატება და უფრო აგრესიული ხდება. ზუსტად იგივეს ჩვენ ვხედავთ რამდენიმე წუთში, როცა ფარქვეშ შთამბეჭდავად თამაშობს.

 

თქვენ ხედავთ ბითაძე როგორ ამოდის პიკ-ენდ-როლისთვის ვანამეიკერთან, რის შემდეგაც ამჩნევს, რომ სენგუნიც მიჰყვება, ბოლოს კი ფარქვეშ შედის და აგრესიულად თამაშობს. პირველი მცდელობით ვერ აგდებს, მაგრამ შემდეგ ბურთს ხსნის და ორ ქულასთან ერთად მეტოქესაც აჯარიმებს.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურობა ბითაძისთვის დიდი ნაბიჯია და ყოველთვის, როცა სათამაშო დროს მიიღებს ასე უნდა გააგრძელოს.

გოგა ფარქვეშ დაცვაშიც გამოირჩეოდა, რაც გასაკვირი არაა, რადგან გუნდში მაილს ტერნერი ჰყავს, რომელიც საუკეთესოა დაფარებებში NBA-ში.

გოგას დაცვაში ტერნერის სათამაშო სტილი აქვს, მაგრამ დაფარებების დროს ყოველთვის კარგ პოზიციაზე ყოფნას ვერ ახერხებს და ჯარიმდება.

ტერნერი ხშირად იძახის, რომ დაფარება დამოკიდებულია დროის მენეჯმენტზე – შემტევს ყოველთვის უნდა აგრძნობინო, რომ მარტივად აგდებს ბურთს.

 

გოგამ ეს დაფარება „ნიქსის“ წინააღმდეგ განახორციელა და სეზონში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა – 3 დაფარება. გოგა ელოდება ქუიქლის შესვლას და როცა იგრძნობს, რომ ის ფარს უახლოვდება აფარებს. ეს არის გოგას მხრიდან დაცვაში არაჩვეულებრივი თამაში, სადაც კარგად გადაადგილდება და არ ჯარიმდება.

გოგამ ამ სეზონში მხოლოდ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მინიმუმ 6-ში 1 დაფარება მაინც ჰქონდა.

ბითაძემ წინა სეზონებში გვაჩვენა თუ როგორ შეუძლია სროლა. განიცადა თუ არა პროგრესი ამ მხრივ ის მესამე სეზონში?

მაილს ტერნერისგან განსხვავებით, რომელიც 36%-იანი სიზუსტით ისვრის, გოგას სროლის გაუმჯობესებისათვის ლიმიტირებული სათამაშო დრო ჰქონდა. მან პერიმეტრიდან 28 მცდელობიდან მხოლოდ 4 გამოიყენა – 14.3%.

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ გოგას არ შეუძლია გახდეს ამ დონის მსროლელი, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. როდესაც ის „მედ ენტსში“ გაუშვეს მან 8-დან 6 სამქულიანი გამოიყენა და 38 ქულა დააგროვა.

პირველ ორ სეზონში გოგა თამაშიდან 44.5% სიზუსტით ისროდა. მესამე სეზონში კი 28 დეკემბრის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 32.2%-ია.

მნიშვნელოვანი ისაა, რომ გოგა სათამაშო წუთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს თუ მის პოზიციაზე ვინმეს არ შეეძლება თამაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რიკ კარლაილს მოწონს საბონისისა და ტერნერის დუეტი, სანამ გარკვეული ცვლილება არ განხორციელდება, იგივე სიტუაცია იქნება.

ამ ყველაფერს უნდა დავუმატოთ ისიც, რომ „ინდიანამ“ წელს კიდევ ერთი ცენტრი გაიფორმა – 19 წლის აიზია ჯექსონი.

სეზონის მიმდინარეობისას ბითაძის სათამაშო დროის ზრდის გარდა, ველოდები მისი, როგორც მოთამაშის პროგრესს.“