ამერიკული მედია ბითაძის განვითარებაზე საუბრობს - სადებიუტო სეზონთან შედარებით, გოგას თავდაჯერებულობა მოემატა #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ოფები საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს. სამწუხაროდ, გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ ტურნირს პლეი ინ ეტაპზე გამოეთიშა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდს მთელი სეზონის განმავლობაში აკლდა ტი ჯეი უორენი და დანარჩენ სუპერვარსკვლავებსაც ხშირად აწუხებდა მიკროტრავმები, უნდა ვივარაუდოთ რომ გუნდი შემდეგ სეზონში გაცილებით დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს. ეს, რა თქმა უნდა, ახალ მწვრთნელზეც იქნება დამოკიდებული, რომელსაც ორგანიზაცია მალე წარადგენს.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გოგა ბითაძეს კალათბურთის საუკეთესო ლიგაში ძალიან კარგი მეორე სეზონი ჰქონდა, რის გამოც ის არაერთხელ მომხვდარა ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში. ამჯერად ქართველი კალათბურთელის სეზონი 8points9seconds-ის ჟურნალისტმა, საკმაოდ საინტერესოდ შეაფასა. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.
„გოგა ბითაძემ „ინდიანა პეისერსის“ შემადგენლობაში მეორე სეზონი ჩაატარა. ზოგიერთის აზრით, გოგამ დიდი გზა გაიარა იმ ცნობილი ფოტოს შემდეგ, რომელიც მას 2019-20 წლების დრაფტზე გადაუღეს. რა შეიცვალა მისი სადებიუტო წლის შემდეგ?
NBA-ში თამაშის პირველ წელს ბითაძეს ბევრად უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა მოუწია, ვიდრე დებიუტანტს უწევს ხოლმე. ოჯახისგან შორს, სხვა ქვეყანაში გადასვლა სხვადასხვა ფსიქოლოგიურ გამოწვევასთან არის დაკავშირებული, რასთანაც გამკლავება ძალიან რთულია.
როგორ განვითარდა გოგა ბითაძე
NBA-ის 2019/20 წლების სეზონში გოგა ბითაძე მეორე მატჩშივე ათამაშეს, სადაც მან პარკეტზე 4 წუთზე მეტი გაატარა და პირველი ქულების მოპოვება მოახერხა. მან 54 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სანამ ორგანიზაციამ COVID-19-ის გამო სეზონი არ შეაჩერა.
ამ 54 თამაშის განმავლობაში გოგამ საშუალოდ 3.2 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა, პერიმეტრიდან 19%-იანი სიზუსტით ისროდა, საშუალო დისტანციიდან კი 46%-ით. აღსანიშნავია ისიც, რომ ბითაძე საშუალოდ 8.7 წუთს თამაშობდა და ეს „ინდიანას“ ყოფილი მწვრთნელისთვის, ნეიტ მაკმილანისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო.
შესამჩნევი იყო ისიც, რომ გოგა ხანდახან მომენტებს თავს არიდებდა. მისი ფარზე თამაში არც თუ ისე კარგი იყო, გაცვლებსაც აგვიანებდა და პერიმეტრიდანაც ვერ ისროდა.
ამ სეზონში კი გოგას დაფარების უნარი დავინახე. 21 წლის ბიჭს, სადებიუტო სეზონთან შედარებით, თავდაჯერებულობა მოემატა და დაფარებებში თავისი მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა – პირველ წელს მას 37 დაფარება ჰქონდა, წელს – 60, რომელთა შორის ზაიონ უილიამსონის წინააღმდეგ ბლოკიც იყო.
ბითაძეს პერიმეტრიდან კვლავ უჭირდა, მაგრამ წინა სეზონთან შედარებით მან ეს კომპონენტიც გააუმჯობესა და პროცენტული მაჩვენებელი 19-დან 25-მდე გაზარდა. თუ ის კიდევ ერთ ნახტომს გააკეთებს და სროლის პროცენტს გაზრდის, მის განვითარებაში დარწმუნებული ვიქნები.
წელს ბითაძეს როლი გაიზარდა და საშუალოდ 12.5 წუთს თამაშობდა. ამ წუთებით კი გოგამ მოხსნების უნარი წარმოაჩინა. ის საშუალოდ 3.3 მოხსნას აგროვებდა, ჯამში კი 150 მოხსნა დააგროვა, როცა წინა სეზონში 106 ჰქონდა. ფართან ის გაცილებით უკეთესი და აქტიური იყო.“
ბითაძე 2020-21 წლების სეზონში საშუალოდ 12.5 წუთში 5.1 ქულას, 3.3 მოხსნას, 0.8 პასსა და 1.2 დაფარებას აგროვებდა.