ამერიკული კომპანია ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
ბათუმის პორტში უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია Trammo, კომპანია Wondernet Express -თან ერთად, მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
კორპორაცია Trammos პრეზიდენტმა, ედვარდ ვაინერმა დღეს ერთობლივი ინვესტირების ხელშეკრულებას თავად მოაწერა ხელი. ბათუმში ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ.
ბათუმის ნავსადგურში დაგეგმილია მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა გრანულირებული კარბამიდის გადაზიდვის მიზნით, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ახალი ლოჯისტიკური დერეფნის შექმნას გულისხმობს. ტერმინალი ბათუმის ნავსადგურის ტვირთბრუნვას წელიწადში მილიონ 200 ათასი ტონით გაზრდის.
მშენებლობის დაწყება გაზაფხულისთვის იგეგმება.
“ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი , ერთ-ერთი მსხვილი პირდაპირი ამერიკული ინვესტიცია, რაც მისასალმებელია. ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვა დატვირთავს ჩვენს რკინიგზასაც, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს”,-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.
ტერმინალის მშენებლობა „ქართული მარშის“ წევრმა, ვალერიან მებურიშვილმა გააპროტესტა. ის ამტკიცებს, რომ ტერმინალი მომწამვლელი ნივთიერებების გადატანისთვის კეთდება, რასაც საზოგადოება არ დაუშვებს და 20 იანვარს აქციით გააპროტესტებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პანიკა უსაფუძვლოა.
„ნებისმიერი პროექტი, რომელიც განხორციელებულა და განხორციელდება აჭარაში, ემსახურება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს, ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოების დაცვას, ეკოლოგიურ სტანდარტებს. ამ პროექტით გაცილებით გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც ახლა გვაქვს. თუ აქამდე ღია წესით ხდებოდა სასუქების გადატანა, მოხდება დახურული მაღალტექნოლოგიური წესით და რაც მთავარია, ამ პროექტით ჩვენი ქვეყანა ხდება უმნიშვნელოვანესი ტრანზიტული დერეფნის ნაწილი”,-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.