ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია ვენესუელის პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს მეორე ვადას არალეგიტიმურად მიიჩნევს
ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნიკოლას მადუროს მეორე ვადას არალეგიტიმურად მიიჩნევს. აღნიშნულ პოზიციას ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს 19 წევრმა დაუჭირა მხარი, ექვსი წინააღმდეგი იყო, რვამ კი კენჭისყრისას თავი შეიკავა. მადუროს პრეზიდენტად მეორე ვადით ინაუგურაციის ცერემონია 10 იანვარს გაიმართა.
ამერიკის სახელმწიფო ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნაციონალური შერიგებისთვის აუცილებელია ყველა ვენესუელელი პოლიტიკური მოღვაწის ჩართულობით დიალოგის გამართვა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აუცილებელია პირობების შეთანხმება ახალი არჩევნების ჩასატარებლად, რომლებიც ვენესუელელი ხალხის ნებას გამოხატავს და მშვიდობიანად დაარეგულირებს კრიზისს.
ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის გამო, პარაგვაიმ ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. პერუმ კი პროტესტის ნიშნად კარაკასიდან ელჩი გაიწვია და მადუროს ადმინისტრაციის 100 წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ნიკოლას მადუროს პრეზიდენტად ინაუგურაცია დაგმო არგენტინის პრეზიდენტმაც.
„ვენესუელა დიქტატურის ქვეშ ცხოვრობს. დღეს ნიკოლას მადურო დემოკრატიას სასაცილოდ ხდის“, – დაწერა მაურისიო მაკრიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ვენესუელაში კრიზისის გაჭიანურების გამო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირი.
„ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარება უარესდება, კრიზისი რეგიონში სტაბილურობაზე გავლენას აძლიერებს“, – ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის განცხადებაში. ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოწოდება ვენესუელამ უგულებელყო.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში ხელისუფლების უზურპაცია დაგმო.
„აშშ გმობს მადუროს მიერ ხელისუფლების არალეგიტიმურ უზურპაციას და დაჟინებით მოუწოდებს მათ, ვინც მხარს უჭერს ვენესუელის რეჟიმს, მათ შორის უსაფრთხოების ძალებს, რომლებმაც კონსტიტუციის დაცვის ფიცი დადეს, შეაჩერონ რეპრესიებისა და კორუფციის შესაძლებლობა. დროა, ვენესუელაში დემოკრატია დაბრუნდეს“, – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „ტვიტერში“.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მაისში გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ნიკოლას მადურომ ხმების 70 პროცენტამდე დააგროვა. ვენესუელის პრეზიდენტს ექვსწლიანი ვადით ირჩევენ. მადუროს არჩევნებში გამარჯვება არ აღიარა დასავლეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა. მათ კარაკასიდან ელჩები გაიწვიეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ აღიარებს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და კარაკასის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების განკარგულებას ხელი მოაწერა.