ლისაბონის სპორტინგისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი ნანი ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) კლუბ ორლანდო სითიში სამი წლის განმავლობაში ითამაშებს. პორტუგალიელსა და ორლანდოს შორის შორის მოლაპარაკების შესახებ ჯერ კიდევ 15 თებერვალს გახდა ცნობილი, დღეს კი გაირკვა, რომ ნანი ამერიკულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
„ეს ჩვენი გუნდისთვის შესანიშნავი დღეა“, – განაცხადა ორლანდო სითის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ლუის მუციმ კლუბის ვებ-გვერდის საშუალებით. – „ნანი უზამრაზარ გამოცდილებას მოგვიტანს. ის დინამიური ფეხბურთელია და აქვს უნარი, რომ თამაშში გარდატეხა შეიტანოს“.
მანჩესტერ იუნაიტედში ნანიმ 2007-2014 წლებში ითამაშა, 230 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა.
ინგლისიდან წასვლის შემდეგ, ის სამშობლოში დაბრუნდა და სპორტინგში ჩაირიცხა, მოგვიანებით კი ფენერბაჯჩეს, ვალენსიასა და ლაციოს ღირსებასაც იცავდა.