ამერიკის კონგრესისგან ითხოვენ, რომ თურქეთის მიერ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა დაბლოკოს
ნიუ-მექსიკოს შტატში, „უაით სენდსის“ სარაკეტო პოლიგონზე, ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის საბრძოლო გამოცდა მიმდინარეობს. ფოტო გადაღებულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 14 დეკემბერს
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩმა“ (HRW) აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, არ დაუშვას თურქეთში არსებული კასეტური საბრძოლო მასალის მარაგების უკრაინაში რეექსპორტი. ამის მიზეზად HRW-ი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შექმნილი რისკებს ასახელებს, რომლებიც ამ საბრძოლო მასალის დაძველებით და არასაიმედობით არის განპირობებული.
ამის შესახებ „ჰუმან რაითს ვოთჩის“ განცხადებაშია ნათქვამი.
11 აგვისტოს უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩმა“ აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, დაბლოკოს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდება, რისი გაკეთებაც თურქეთის მარაგებიდან იგეგმება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღების პაკეტში შემავალი საბრძოლო მასალა, ჯამში, 10 მილიონზე მეტ სუბსაბრძოლო ელემენტს (წარმოადგენს მცირე ზომის ფეთქებად საბრძოლო მასალას, რომელიც ძირითადი, „მშობელი“ იარაღიდან – საკასეტო ჭურვიდან, საავიაციო ბომბიდან ან რაკეტიდან გამოიყოფა – „ევროპული პერსპექტივა“) მოიცავს. მასში, კერძოდ, შედის: 70 ერთეული M39 ATACMS-ის ტიპის რაკეტა, რომელთაგან თითოეული 950 ცალ M74 სუბსაბრძოლო ელემენტს ატარებს; 2 524 ერთეული რაკეტა M26, თითოეული 644 M77 სუბსაბრძოლო ელემენტით და 47 000 ერთეული 203-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი M509A1, რომელთაგან თითოეული 180 ცალ M42 სუბსაბრძოლო ელემენტს შეიცავს.
HRW-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საბრძოლო მასალის ნაწილი საწყობებში 30 წელზე მეტია ინახება. კერძოდ, საარტილერიო ჭურვები, რომლებიც გადაცემისთვის დაგეგმილი პაკეტის ძირითად ნაწილს შეადგენს, აშშ-მა ექსპლუატაციიდან ჯერ კიდევ 1994 წელს ამოიღო იმ ჰაუბიცებთან ერთად, რომლებისთვისაც ისინი იყო განკუთვნილი.
როგორც „ჰუმან რაითს ვოთჩის“ ვაშინგტონის ოფისის დირექტორის მოადგილემ, ნიკოლ ვიდერსჰაიმმა განაცხადა, მოძველებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებამ, შესაძლოა, დამატებითი საფრთხე შეუქმნას მშვიდობიან მოსახლეობას, რადგან არსებობს მაღალი რისკი, რომ მისი შემადგენელი მცირე საბრძოლო ელემენტები აუფეთქებელი დარჩეს და მოგვიანებით გააქტიურდეს.
ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ კონვენციასთან“ აშშ მიერთებული არ არის. ამასთან, 2009 წლიდან პენტაგონის ბიუჯეტში მოქმედებს შეზღუდვები მათი ექსპორტის შესახებ, რომელთათვის გვერდის ავლა, გარკვეულ პირობებში, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი.
აშშ-ის კონგრესს ჯერ კიდევ შეუძლია გარიგების დაბლოკვა, ერთობლივი რეზოლუციის მიღების გზით. HRW-ის განცხადებით, ამჟამად უცნობია, მიიღო თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მას, თურქეთის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაში, ამ შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის საშუალებას მისცემდა.
ცოტა ხნის წინათ, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Suspilne) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს 70 ერთეული M39 ATACMS-ის ტიპის რაკეტის, 12 ერთეული M270 ტიპის სარაკეტო სისტემის, 2 524 ერთეული M26 ტიპის რაკეტისა და 47 000 ერთეული M509A1 ტიპის საარტილერიო ჭურვის თურქეთიდან უკრაინაში შესაძლო რეექსპორტის შესახებ აცნობა. მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მზად არის, ნებართვა გასცეს ამ შეიარაღების გადაცემაზე, ხოლო თურქეთი გეგმავს, ეს შესაძლებლობა მოძველებული შეიარაღების მარაგების შესამცირებლად გამოიყენოს და გამოთავისუფლებული რესურსები შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისკენ მიმართოს.