ამერიკის ღია პირველობის ფინალში სერენა უილიამსი და ბიანკა ანდრეესკუ ითამაშებენ
სერენა უილიამსი აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა. ამერიკელმა ლეგენდამ ძალიან იოლად დაამარცხა ნახევარფინალში უკრაინელი ელინა სვიტოლინა – 6:3, 6:1. შეხვედრა 70 წუთი გაგრძელდა, აქედან 16 წუთი პირველ ორ გეიმზე მოდიოდა. სვიტოლინამ მხოლოდ პირველ სეტში შეძლო სერენასთვის წინააღმდეგობის გაწევა და ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. მეორე სეტში უკრაინელს ბრეიკ-პოინტი აღარ ჰქონია. თავად უილიამსმა რვიდან ოთხი ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო.
სერენა ფინალში კანადელ თინეიჯერს ბიანკა ანდრეესკუს შეხვდება, რომელიც კარიერაში პირველად ითამაშებს “დიდი სლემის” ტურნირის ფინალში. 19 წლის ჩოგბურთელმა 7:6(3), 7:5 დაამარცხა შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი.
პირველ სეტში ანდრეესკუს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია და მეტოქის ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, შემდეგ კი ტაი-ბრეიკი ჩაატარა უკეთ. მეორე სეტში კანადელი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში იყო, ორმაგი ბრეიკით აგებდა 2:5-ს და შეძლო მატჩის ზედიზედ ხუთი გეიმის მოგებით დასრულება. მატჩი ორი საათი და 12 წუთი გაგრძელდა. ბენჩიჩმა 13 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ სამი გამოიყენა, ანდრეესკუმ – შვიდიდან ოთხი.
აღსანიშნავია, რომ ანდრეესკუ აშშ-ის ღიას დებიუტანტია. შარშან, ის რეიტინგის TOP200-ის მიღმა იყო და კვალიფიკაციაზე არ დაუშვეს. ბიანკმა მეორე კანადელი ქალია ისტორიაში, ვინც “დიდი სლემის” ტურნირის ფინალში გავიდა. პირველმა ეს 2014 წლის უიმბლდონზე ეჟენი ბუშარმა შეძლო.
უილიამსი და ანდრეესკუ აქამდე ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – გასულ თვეში ტორონტოს ტურნირზე. კანადელი 3:1-ს იგებდა პირველ სეტში, როცა სერენამ მატჩი ტრავმის გამო შეწყვიტა.