ამერიკის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დანიილ მედვედევს დაუპირისპირდება #1TVSPORT
ამერიკის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დანიილ მედვედევს დაუპირისპირდება #1TVSPORT

ამერიკის ღია პირველობაზე მამაკაცთა შორის ფინალური წყვილი ცნობილია. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩი დანიილ მედვედევს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალში ჯოკოვიჩმა 20 წლის ამერიკელი ბენ შელტონი სამ სეტში, 6:3, 6:2, 7:6 დაამარცხა. პირველსა და მეორე სეტში სერბ ჩოგბურთელს პრობლემა არ ჰქონია, მესამე სეტში ახალგაზრდა ჩოგბურთელმა რამდენჯერმე მოახერხა თამაშში დაბრუნება და ტაიბრეიქამდე მივიდა, თუმცა მეცამეტე გეიმი ჯოკოვიჩმა დამაჯერებლად, 7:4 მოიგო.

შედეგად, ნოვაკ ჯოკოვიჩი წელს გამართული მეოთხე დიდი სლემის ფინალშიც ითამაშებს. მან ავსტრალიისა და საფრანგეთის ღია პირველობები მოიგო, ხოლო უიმბლდონის ფინალში კარლოს ალკარასთან ხუთ სეტში დამარცხდა. მას აქვს შანსი, კარიერაში 24-ედ მოიგოს უდიდესი საჩოგბურთო ტურნირი.

2023 წლის ამერიკის ღია პირველობის მეორე ფინალისტმა, დანიილ მედვედევმა ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი, ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარასი ოთხ სეტში, 7:6, 6:1, 3:6, 6:3 დაამარცხა. პირველ სეტში მეტოქის ჩაწოდების მოგებას ვერცერთი ჩოგბურთელი ახერხებდა, ტაიბრეიქზე კი მედვედევმა 7:3 გაიმარჯვა. მას შედარებით გაუმარტივდა მეორე სეტის მოგება, ხოლო მესამეში 20 წლის ესპანელმა გაიმარჯვა და თამაშში დაბრუნდა, თუმცა მეოთხე სეტში მას, პრაქტიკულად, შანსი აღარ ჰქონია.

27 წლის მედვედევი მეხუთედ ითამაშებს დიდი სლემის ფინალში, ხოლო უშუალოდ ამერიკის ღია პირველობაზე ეს მისთვის მესამე ფინალური დაპირისპირება იქნება. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის მოგება, 2021 წელს ამერიკული სლემის ფინალში სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. ასე რომ, 11 სექტემბერს, თბილისის დროით 00:10 საათზე ნიუ იორკში ორი წლის წინანდელი ფინალი განმეორდება.