ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-მა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარა
A man wearing military camouflage stands at the entrance of the 'PMC Wagner Centre', associated with the founder of the Wagner private military group (PMC) Yevgeny Prigozhin, during the official opening of the office block on the National Unity Day, in Saint Petersburg, on November 4, 2022. (Photo by Olga MALTSEVA / AFP) (Photo by OLGA MALTSEVA/AFP via Getty Images)
აშშ-მა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომლის ათასობით მებრძოლი უკრაინაში იბრძვის, ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
შეერთებულმა შტატებმა დამატებითი სანქციები დაუწესა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს და მებრძოლებს. სანქციები გულისხმობს დაჯგუფების ნებისმიერი აქტივის გაყინვას, რომელიც მათ შეერთებულ შტატებში აქვთ, ასევე ფიზიკური პირების მიერ „ვაგნერისთვის“ სახსრების, საქონლისა და მომსახურების მიწოდების აკრძალვას.
როგორც პენტაგონში განაცხადეს, „ვაგნერის“ წევრები როგორც უკრაინაში, ისე მსოფლიოს სხვა ნაწილებში არღვევენ ადამიანის უფლებებს და ჩადიან სისასტიკეს. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ამჟამად „ვაგნერის“ 50 000 მებრძოლი იმყოფება, რომელთაგან 40 000 მსჯავრდებულია.
ამასთან, როგორც აშშ-ში განაცხადეს, უკვე გადასცეს მტკიცებულება გაერო-ს, რომ „ვაგნერი“ შეიარაღებას ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობს, მათ შორის არის რაკეტებიც.