ამერიკიდან ჩამოსული ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას უცხოეთში გადაყვანა საჭირო არ არის
ამერიკიდან ჩამოსული ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას უცხოეთში გადაყვანა საჭირო არ არის

პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკური სიტუაციის მართვა მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, – ამის შესახებ მონდგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ გურულმა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მოწვეულმა ექიმმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ცოტნე გამსახურდიას უცხოეთში ტრანსპორტირების საჭიროებას ვერ ხედავს.

„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე არ მივიჩნევ, რომ ავადმყოფის ტრანსპორტირება იყოს საჭირო. რამდენიმე დღეა საჭირო, რათა დინამიკაში დავაკვირდეთ კლინიკურ მდგომარეობას და სიტუაციას. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმია და ვფიქრობთ, ეს პროცესი დადებითად წარიმართება. ამჟამად მთავარი პრობლემა გახლავთ დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემა, თავის ტვინი და რამდენიმე დღეში უფრო დაწვრილებით შეგვეძლება, კონკრეტულად გავაკეთოთ დასკვნები. ტრანსპორტირებას რაც შეეხება, თვლიდნენ, რომ საზღვარგარეთ უნდა მომხდარიყო მისი გადაყვანა. ჩვენთვის ცოტნე გამსახურდია უაღრესად ძვირფასი ადამიანია და გვინდა, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთოთ, რათა ოპტიმალური პირობები შეექმნას გამოსაჯანმრთელებლად. ამჯერად მიმაჩნია, რომ საქართველოში, ამ კლინიკაში ყველაფერი მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და ვთვლით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის უკეთესი იქნება, თუ შევინარჩუნებთ სტაბილურობას ამ კლინიკაში“, – განაცხადა ზურაბ გურულმა.

ამასთან, ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმ ნიკოლოზ კვაჭაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, თუმცა რაიმე ტიპის ჩარევა დაგეგმილი არ არის.

„პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, გრძელდება სამკურნალო დაცვითი ნარკოზი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა ექიმთან, ვართ აბსოლუტურად ღია და ყველას აზრს ვითვალისწინებთ“, – აღნიშნა კვაჭაძემ.