ამერიკელი გენერალი ჩარლზ ბრაუნი - აშშ არ გეგმავს სამხედრო ინსტრუქტორების უკრაინაში გაგზავნას, ამას, სავარაუდოდ, მაშინ გააკეთებს, როცა ომი დასრულდება
ამერიკელი გენერალი ჩარლზ ბრაუნი - აშშ არ გეგმავს სამხედრო ინსტრუქტორების უკრაინაში გაგზავნას, ამას, სავარაუდოდ, მაშინ გააკეთებს, როცა ომი დასრულდება

აშშ არ გეგმავს სამხედრო ინსტრუქტორების უკრაინაში გაგზავნას, ამას, სავარაუდოდ, მხოლოდ მაშინ გააკეთებს, როცა რუსეთთან ომი დასრულდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი ჩარლზ ბრაუნი აცხადებს.

„ამჟამად არ იგეგმება ამერიკელი ინსტრუქტორების უკრაინაში შეყვანა. ეს კონფლიქტი როდესაც დასრულდება და ჩვენ უკეთეს ადგილას ვიქნებით, მაშინ შესაძლოა, მოვახერხოთ ინსტრუქტორების დაბრუნება“, – განაცხადა ბრაუნმა.

აშშ-ის 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ჰყავდა დაახლოებით 150 სამხედრო ინსტრუქტორი უკრაინის ტერიტორიაზე.

როგორც „როიტერი“ წერს, ბრაუნმა ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ისაუბრა. „როიტერის“ ცნობითვე, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს კიევის მხარდაჭერის აუცილებლობას, რადგან უკრაინა ხარკოვში რუსული ძალების მზარდი ზეწოლის წინაშე დგას.

ამასთან, ბრაუნის თქმით, მას სჯერა, რომ უკრაინა არ გამოიყენებს აშშ-ის მიერ მიწოდებულ ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე დასარტყმელად.