ამერიკა შუალედური არჩევნების მოლოდინშია – რომელ საარჩევნო ოლქებს უნდა მივადევნოთ თვალი?
დონალდ ტრამპი: არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება შუალედურ არჩევნებში დავმარცხდეთ
შეერთებული შტატებისთვის მეტად მნიშვნელოვან შუალედურ არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა. მისი შედეგები გადაწყვეტს, კონგრესზე კონტროლს რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ თუ საკანონმდებლო ორგანოში დემოკრატიული პარტია მოიპოვებს უმრავლესობას.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, არსებობს რამდენიმე საკვანძო შტატი, რომლებიც წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ბრძოლის შედეგს განსაზღვრავენ. ირანში ომისა და ფასების მკვეთრი ზრდის გამო ტრამპის სარეკორდოდ დაბალი რეიტინგის ფონზე, რესპუბლიკელებმა 9 სექტემბერს ამ მომენტისთვის უჩვეულო წინასაარჩევნო ყრილობასაც კი ჩაატარეს.
ფსონი საკმაოდ დიდია: სასწორზე დევს წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435-ვე მანდატი და სენატის ადგილების მესამედი. ამიტომ, 3 ნოემბერს კონგრესისთვის ბრძოლა შესაძლოა გარდატეხის წერტილი აღმოჩნდეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ამჟამად მისი რესპუბლიკური პარტია ორივე პალატას აკონტროლებს. შუალედური არჩევნები მოქმედი ადმინისტრაციის ნდობის მიმართ რეფერენდუმად აღიქმება, გამოცდილება და ტრადიცია კი აჩვენებს, რომ მასში თითქმის ყოველთვის ოპოზიციური პარტია იმარჯვებს.
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი: „აქამდე ასე იყო: მიუხედავად იმისა, კარგი პრეზიდენტი ხარ თუ უდიდესი, შუალედურ არჩევნებში გარდაუვალად მარცხდებოდი. დროა, ეს შეიცვალოს, რადგან არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები წავაგოთ. მე ყველა შტატში მივალ და ყველა საარჩევნო მიტინგზე ვიქნები“.
სარეკორდოდ დაბალი რეიტინგის ფონზე, ანალიტიკოსები ტრამპს რესპუბლიკელების „პოლიტიკურ ტვირთად“ მოიხსენიებენ. ამის მთავარი მიზეზი ირანში ომით გამოწვეული ფინანსური წნეხია, რომელშიც რიგითი ამერიკელები მოექცნენ. პრობლემები დემოკრატებსაც აქვთ – პარტია შიდა დაპირისპირებამ გახლიჩა: ერთმანეთს შედარებით ზომიერი ცენტრისტები და ულტრამემარცხენეები უპირისპირდებიან.
გამარჯვების უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა ტაქტიკა გამოიყენება, საარჩევნო ოლქის საზღვრების შეცვლიდან დაწყებული და ფოსტით ხმის მიცემის აკრძალვის მცდელობებით დამთავრებული. თუმცა, არჩევნების ბედი მაინც რამდენიმე საკვანძო შტატში გადაწყდება.
ორი „ცხელი წერტილია“ ტრადიციულად რესპუბლიკურ შტატ არიზონაში, სადაც დემოკრატები ფენიქსსა და ტუსონში გამარჯვებას გეგმავენ.
ჯოანა მენდოსა, დემოკრატი კანდიდატი არიზონიდან: „ირგვლივ სრული ქაოსია – ტარიფებიდან დაწყებული, ჯანდაცვითა და კანონის უზენაესობით დამთავრებული. ხალხს სტაბილურობა სურს. იქნებ, შევძლოთ, რომ პოლიტიკა კვლავ „უინტერესო“ გავხადოთ?“
ტეხასი კიდევ ერთი „წითელი“ (რესპუბლიკური) შტატია, სადაც საარჩევნო ოლქის საზღვრების შეცვლის შემდეგ, რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში დამატებით ხუთი მანდატის მოპოვებას ვარაუდობენ. 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები ახალი საარჩევნო ოლქების პირველი გამოცდაც იქნება, რადგან წარმოაჩენს, შეცვალა თუ არა მან ორ პარტიას შორის აქამდე არსებული ძალთა რეალური ბალანსი.
სპექტრის მეორე მხარეს წარმოდგენილია დემოკრატიული კალიფორნია, სადაც საარჩევნო ოლქების საზღვრები ასევე შეიცვალა, რამაც დამატებით ხუთი მანდატი, ამ შემთხვევაში, უკვე დემოკრატებს უნდა მოუტანოს.
მოულოდნელობებს არც შუა დასავლეთში მდებარე აიოვაში გამორიცხავენ, რომელიც ტრადიციულად რესპუბლიკელთა საყრდენს წარმოადგენს. საწვავსა და სასუქზე ფასების მკვეთრმა ზრდამ აქაური ფერმერების უკმაყოფილება გამოიწვია. არადა, საარჩევნო უბნებზე მათი მისვლა მეტად მნიშვნელოვანია.
არჩევნებამდე რვა კვირით ადრე, რესპუბლიკელები რიგგარეშე ყრილობაზე ტეხასის შტატის ქალაქ დალასში შეიკრიბნენ. ასეთი ღონისძიებები ტრადიციულად საპრეზიდენტო რბოლისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა დონალდ ტრამპის მოწოდებაა, ძალთა არსებული ბალანსის ნებისმიერი ცვლილების თავიდან ასაცილებლად, ყველა რესურსი იყოს მობილიზებული.