სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, „ამაზონის“ თანამშრომლები მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში საპროტესტო აქციებს მართავენ
„ამაზონის“ თანამშრომლები მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გაფიცვებსა და საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი დაბალ ანაზღაურებასა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
გაფიცვები და საპროტესტო აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მათ შორის, „კიბერ ორშაბათსაც“. დემონსტრაციები დაგეგმილია „ამაზონის“ საწყობებთან, სადისტრიბუციო ცენტრებსა და ოფისებთან. აღნიშნული პერიოდი კომპანიისთვის წლის ყველაზე დატვირთული გაყიდვების სეზონია.
აქციები, UNI Global Union-ისა და Progressive International-ის ორგანიზებით, კამპანიის „ამაზონმა უნდა გადაიხადოს“ (Make Amazon Pay) ფარგლებში იმართება. კამპანია საცალო ვაჭრობის გიგანტს პროფკავშირებთან მოლაპარაკებების დაწყებისა და დასაქმებულთა გაერთიანების უფლების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
ორგანიზატორების განცხადებით, კომპანიის თანამშრომლები არასათანადო ანაზღაურებისა და მძიმე სამუშაო პირობების წინაშე დგანან.
დღეს გერმანიის მასშტაბით „ამაზონის“ 11 ობიექტის თანამშრომლები გაიფიცებიან. საპროტესტო აქციები და სოლიდარობის ღონისძიებები ასევე დაგეგმილია აშშ-ში, ინდოეთში, კანადასა და იაპონიაში.
პროფკავშირები „ამაზონს“ თანამშრომლების მიმართ მკაცრი კონტროლის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, კომპანია დასაქმებულთა საქმიანობის მონიტორინგისთვის ციფრული თვალთვალის სისტემებსაც იყენებს.
ამასთან, ინდოეთში „ამაზონის“ საწყობის ერთ-ერთი თანამშრომელი კომპანიის ხელმძღვანელობას მუდმივ მეთვალყურეობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მენეჯმენტი მის ყოველ მოძრაობას აკონტროლებს, მათ შორის იმასაც, რამდენჯერ სვამს წყალს ან სარგებლობს საპირფარეშოთი.