ალვარო მორატას კომენტარი საქართველოსთან მატჩამდე - ბევრი გოლის გატანა მინდა #1TVSPORT
ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ალვარო მორატამ საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩის შესახებ ბევრი ისაუბრა, მაგრამ მეტოქეზე, ფაქტობრივად, არაფერი უთქვამს.
„ნაკრებში მთავარი თავდაჯერებულობაა. ზედიზედ ბევრი შეხვედრა ვითამაშე, თავს კომფორტულად და ბედნიერი ვგრძნობ. იმედია, ეს ჩემთვის წარმატებული წელი იქნება. ბევრი გოლის გატანა მინდა, ნაკრებშიც და მადრიდის „ატლეტიკოშიც“.
დიდხანს ვთამაშობდი იმისთვის, რომ კრიტიკა თავიდან ამეცილებინა, საშუალო შეფასება მიმეღო და შეუმჩნეველი დავრჩენილიყავი. ხანდახან ასე ხდებოდა და ეს ჩემთვის რთული ასატანი იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ გუნდის დახმარებას. ბევრი ტიტული ისე მოვიგე, რომ ბევრი გოლი არ გამიტანია, რადგან ეგოისტი არ ვარ.
ლამინ იამალი? ზოგჯერ ვფიქრობ, ის არა 16 წლის, არამედ 27-28 წლისაა. ეს არის იმის საფუძველი, რომ ყველა მწვრთნელს მადლობა გადავუხადო, ვისი ხელმძღვანელობითაც ის იზრდებოდა. მორატას მთელი კარიერა წინ აქვს, ლამინი ესპანური ფეხბურთის მომავალია.
დე ლა ფუენტეს შესაძლო მემკვიდრე? გუნდის შექმნა ადვილი არ არის და ნებისმიერი გზით უნდა შევინარჩუნოთ უკვე არსებული კარგი ატმოსფერო და მწვრთნელი, რომელმაც ეს ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა. ჩვენ დე ლა ფუენტესთან მუშაობა ძალიან დიდ თავდაჯერებულობას გვამტებს.
ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე ჯერ არ ვფიქრობ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს არ იქნება კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც სეზონის შუა პერიოდში ჩატარდა. ევრო 2024-ს გერმანია ტრადიციულ დროს, ზაფხულში უმასპინძლებს, მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობ, რადგან მანამდე კლუბთან ერთად მნიშვნელოვანი მატჩები გველის“, – ამბობს ალვარო მორატა.
საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 19 ნოემბერს ვალიადოლიდში შეხვდებიან და ამ მატჩით ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლს დაასრულებენ. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 23:45 საათიდან შემოგთავაზებთ.