ალუდა ღუდუშაური – საქართველო ფუნდამენტური მიდგომების ერთგულია, რომლებიც ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში იყო, დღეს გარკვეული დომინანტი ძალები ცდილობენ უფროსი და უმცროსი ძმის დაყოფას
ევროკავშირში გარკვეული დომინანტი ძალები ცდილობენ უფროსი და უმცროსი ძმის დაყოფას, განსხვავებას, ეს სცილდება მის ფუნდამენტურ ღერძს, ჩვენ ნამდვილი ევროპული კავშირის ღირსები ვართ, ამას საქართველო თავისი ისტორიით და ქცევით ადასტურებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ერთგულია ფუნდამენტური მიდგომების, რომლებიც თავის დროზე ამ კავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში იყო ჩამოყალიბებული და ეფუძნება სამართლიანობის პრინციპს.
„ევროკავშირის გადასაწყვეტია, როგორი ფორმულირება ექნება, როგორი სახით უნდა, ამ ერთობის გაგრძელება და მისი ფუნქციონირება შემდგომ წლებში. მეორე საკითხია, იმდენად ცდებიან იმ მთავარ ფუნდამენტურ მიდგომას, რასაც თავის დროზე ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტები ითვალისწინებდა. ასეთ შემთხვევაში ეს განაპირობებს იმას, რომ არაერთი სახელმწიფოსგან დაისმევა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რა ერთობასთან აქვთ საქმე და არის კი ეს ერთობა, ის კავშირი და ღერძი, რომლისკენაც მთელი ამ წლების განმავლობაში არაერთი ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც მიისწრაფვოდა. ბუნებრივია, ჩვენ ერთგული ვართ იმ ფუნდამენტური მიდგომების, რომლებიც თავის დროზე ამ კავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში იყო აღწერილი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ეფუძნება სამართლიანობის პრინციპს, საერთო თამაშის წესებს. დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირში გარკვეული დომინანტი ძალები ცდილობენ უფროსი და უმცროსი ძმის დაყოფას და განსხვავებას, ეს სცილდება მის ფუნდამენტურ მიდგომას და ღერძს. დიახ, ჩვენ ნამდვილი ევროპული კავშირის ღირსები ვართ და საუკუნეების განმავლობაში, ამას საქართველო თავისი ისტორიით და ქცევით ადასტურებდა. დღეს ვხედავთ, რომ რამდენიმე ევრობიუროკრატი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი ერთი ხელისმოსმით სხვაგვარად წარმოაჩინოს და საკუთარ თარგზე მოირგოს ევროკავშირი და მისი ინსტრუმენტებიც სათავისოდ გამოიყენოს“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.