ალუდა ღუდუშაური - სალომე ზურაბიშვილი ღიად ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ბანაკს მიეკედლოს, მას არაფერი აქვს საერთო არც საქართველოს და არც ქართველი ხალხის ინტერესთან
ალუდა ღუდუშაური - სალომე ზურაბიშვილი ღიად ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ბანაკს მიეკედლოს, მას არაფერი აქვს საერთო არც საქართველოს და არც ქართველი ხალხის ინტერესთან

მელიას აგდებენ პარტიიდან და უთავმოყვარეოდ ცდილობს, ჩაებღაუჭოს კარს, სალომე ზურაბიშვილი კი გარედან ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კარზე ჩაბღაუჭებას, ეგებ გაიღოს და მისთვის ადგილი გამოიძებნოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ღიად ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ბანაკს მიეკედლოს.

„საქართველოს ფორმალურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, პოლიტიკურად განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს. ეს უკვე კარგადაა ცნობილი ჩვენი მოქალაქეებისთვის. სალომე ზურაბიშვილი ღიად ცდილობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ბანაკს მიეკედლოს. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამ ქალბატონს არანაირი პოლიტიკური ღირებულება არ აქვს და ახლა ცდილობს, კონკურენციაში შევიდეს, როგორმე თავისი თავი პოლიტიკურად მიჰყიდოს „ნაციონალურ მოძრაობას“, ცდილობს, კონკურენციაში შევიდეს ისეთ ადამიანებთან, როგორებიც არიან ხაბეიშვილი, ვაშაძე და სხვები. ამიტომ მისი პოლიტიკური დაღმასვლა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ სალომე ზურაბიშვილს არაფერი აქვს საერთო არც საქართველოს და არც ქართველი ხალხის ინტერესთან.

ევროკომისიამ სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება როცა მიიღო და ქვეყნის პროგრესი დადებითად იქნა შეფასებული, რეკომენდაცია გაიცა, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იყო პოლიტიკური სამძიმარი. სწორედ ამათ რიგში ჩადგა სალომე ზურაბიშვილი და გახსნა ახალი აქტივობა, თითქოს ევროინტეგრაციის კუთხით ქვეყნის მხარდამჭერია, სინამდვილეში კი ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში იყოს პოლარიზაცია, ქაოსი, არეულობა. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ ბანაკს მიკედლებული. მისი მოქმედება ძალიან ჰგავს ნიკანორ მელიას მოქმედებას. მელიას აგდებენ პარტიიდან და უთავმოყვარეოდ ცდილობს, ჩაებღაუჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ კარს, ხოლო სალომე ზურაბიშვილი გარედან ცდილობს, ჩაებღაუჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ კარს, ეგებ როგორმე გაიღოს და მისთვის ადგილი იყოს გამოძებნილი. ასეთი სამარცხვინო რეალობის წინაშეა ეს ქალბატონი. სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ თავისი ფორმალური პრეზიდენტობის ბოლო თვეებს ითვლის და ქვეყნის წინაშე ჰიპერაქტივობა ამით არის განპირობებული“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.