ალუდა ღუდუშაური - საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა დიდი ბერკეტი და შესაძლებლობაა, რომელსაც ხელიდან უშვებენ ოპონენტები, პარლამენტის მანდატს აიგივებენ, მაგალითად, მეტროთი სარგებლობის ბარათთან
ოპოზიციის მხრიდან სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს პარლამენტის მანდატს აიგივებენ, მაგალითად, მეტროს სარგებლობის ბარათთან, ვფიქრობ, უნდა გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და აიღონ ვალდებულება, რომელიც აქვთ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„პრაქტიკულად არ დარჩა არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი, გნებავთ ჩვენი ქვეყნის მეგობარი, რომელმაც არ თქვა, რომ ოპოზიციამ უნდა აიღოს ის პასუხისმგებლობა, რაც ისედაც აქვთ ჩვენი საზოგადოებისა და მათი ამომრჩევლის წინაშე. მათ უნდა განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა. თქვენ ნახეთ, რომ დასავლეთიდან უკვე მეორეჯერ იქნა ნახმარი სიტყვა ობსტრუქცია, როდესაც საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ ოპოზიციამ არ უნდა მოუწყოს ობსტრუქცია საკუთარ ქვეყანას, საპარლამენტო საქმიანობას. დიახ, მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომელიც მანდატებში გამოისახება და რომელიც მიანიჭა ჩვენმა საზოგადოებამ. ეს არის მოვალეობა და პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი ოპოზიციის მხრიდან სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს პარლამენტის მანდატს აიგივებენ, მაგალითად, მეტროს სარგებლობის ბარათთან, ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და აიღონ ვალდებულება, რომელიც აქვთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა. საპარლამენტო საქმიანობა გულისხმობს ეფექტურ კონტროლს მთავრობის საქმიანობაზე, საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვა არის უაღრესად დიდი ბერკეტი და შესაძლებლობა, რომელსაც ხელიდან უშვებენ ჩვენი ოპონენტები და სამწუხაროდ, მათი გზა კვლავაც გადის დესტრუქციაზე, ისევ ობსტრუქციაზე, პიკეტირებაზე, ქუჩის აქციებზე, როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, გასაქანს ვერ ხედავენ გარდა კვლავაც პიკეტებისა, კარვებისა და ა.შ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
მისივე თქმით, საზოგადოების ამოცანა არ არის ქუჩაში პროცესების გადატანა.
„ჩვენი საზოგადოების ამოცანა არის, რომ საქართველო კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდეს ისეთი გამოწვევის წინაშე, რომლის წინაშეც არის მთელი მსოფლიო, ეს არის უმუშევრობა, ეს არის ეკონომიკის სწრაფი და ეფექტური გაჯანსაღება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილის გამოწვევა და საჭიროებები. ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და კიდევ უფრო გაძლიერებას. აი, ეს არის მთავარი ამოსავალი და სამოქმედო გეგმა, რომელშიც, ვფიქრობ, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული და არამც და არამც არ უნდა იყოს მათი მხრიდან კვლავაც ფსკერის დაპყრობის მორიგჯერზე მცდელობა, რომელიც გულისხმობს პიკეტირებას და ქუჩის აქციებს“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
კითხვაზე, რა არის „ქართული ოცნების“ გეგმა, ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის გეგმა სხვადასხვა გამოწვევასთან მიმართებით აქტიური მოქმედებაა.
„ჩვენი გეგმები არის ის, რომ ჩვენ ვიწყებთ აქტიურ მოქმედებას, როგორიც არის პანდემია, როგორც არის ეკონომიკის სწრაფი და ეფექტური გაჯანსაღება, უმუშევრობის შემცირება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
კითხვაზე, ხომ არ აპირებს მმართველი გუნდი ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრას, დეპუტატმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა ნებისმიერ ფორმატში საუბრისთვის.
„ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ მზად ვართ, ვისაუბროთ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ პლატფორმაზე, ნებისმიერ დროს, ეს იქნება პირდაპირი მოლაპარაკება თუ მედიატორების მეშვეობით. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ეს საუბარი და მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც სჭირდება არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ჩვენს ქვეყანას. ეს შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპებს, ეს შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.