ალუდა ღუდუშაური - რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში ზარმაცია, მათი რეიტინგი დღითიდღე მცირდება, ალბათ 2024 წლის არჩევნებამდე ვერც მიაღწევენ 
ალუდა ღუდუშაური - რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში ზარმაცია, მათი რეიტინგი დღითიდღე მცირდება, ალბათ 2024 წლის არჩევნებამდე ვერც მიაღწევენ 

„ქართული ოცნების“ წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში ზარმაცია.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ პუნქტებთან მიმართებით ასეთი დამოკიდებულება აქვთ.

„სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომლებისთვისაც მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში ვერ მოიძებნა დრო, ქვეყნისთვის იოტისოდენა სასიკეთო საქმე მაინც გააკეთონ. ახლა, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, მათ ძირითადად მოეთხოვებათ ერთადერთი, მონაწილეობა მიიღონ დეპოლარიზაციაში და იყვნენ კონსტრუქციულები. ამასაც კი არ აკეთებენ. ესენი არიან საპარლამენტო საქმიანობაში ზარმაცები. თითი თითზე არ აქვთ დადებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა პუნქტთან მიმართებით ასეთი დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას. ესენი არიან ზარმაცები, უქნარები და მათ მიერ არგუმენტირებულ, საქმეზე და შედეგზე ორიენტირებულ ვერც ერთ მოქმედებას ვერ დამისახელებთ. ხედავთ, რა დღეშია რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, დღიდან დღემდე მათი რეიტინგი ილევა და ალბათ 2024 წლის არჩევნებამდე ვერც კი მიაღწევენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება საკითხს, რომ ოპოზიცია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითხოვს, ღუდუშაურის განცხადებით, საკომიტეტო მოსმენებზე ყველას ექნება შესაძლებლობა, არგუმენტები წარმოადგინოს.

„ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის წევრი არ ვარ, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები დაინიცირდება, იქნება საკომიტეტო მოსმენები, სასესიო სხდომები და ყველას ექნება შესაძლებლობა, არა პოლიტიკური კეკლუცობით გამოიჩინოს თავი, არამედ არგუმენტები მოიტანოს. რადიკალური ოპოზიცია წამოწოლილია მხართეძოზე, კარვებიდან გამოვიდნენ და ახლა არიან კარგად, კომფორტულად წამოგორებული მხართეძოზე, აკეთებენ იმ განცხადებებს, რომლებიც არც ქვეყნის და არც საზოგადოების ინტერესში არ არის“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.