ალუდა ღუდუშაური - ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიური შტურმი მიმდინარეობს
ალუდა ღუდუშაური - ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიური შტურმი მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სრულიად ნათელი და ცალსახაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიური შტურმი მიმდინარეობს.

„დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, რომ ეს დაინახოს ადამიანმა. ისევე როგორც სხვა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ შტოს, სასამართლოსაც აქვს უფლება, თავის დაცვის მიზნით გაააკეთოს განცხადება და განახორციელოს მოქმედება. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა სცილდებოდეს კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ჩარჩოებს. შესაბამისად, ბუნებრივია იმ კორპორაციას, რომელსაც სასამართლო ჰქვია და რომელიც არის ხელისუფლების დანაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი სფერო, ასეთ შემთხვევაში, როდესაც ოპოზიციის და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, პირდაპირ კონკრეტულ მოსამართლეებზე, მთლიან სასამართლო სისტემაზე და მართლმსაჯულებაზე ხდება შტურმი და მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია რიგ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, უნდა გაეკეთებინათ განცხადება, მაგრამ ჩვენ სრული სურათის დანახვის შემდეგ გვექნება ჩვენი პოზიცია.

რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და ელჩების განცხადებებს, ჩვენ კვლავაც ვრჩებით ერთუგლი, როგორც აშშ-ის, ასევე მთლიანად ევროკავშირის და ვართ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობაში. ასევე, ჩვენი სტრატეგიული პრტნიორებისა და ელჩების მიმართ ძალიან დიდი პატივისცემით, ჩვენ გვმართებს ძალისხმევა, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ელჩებს იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე პროცესი არის სრულიად კანონიერი, სრულიად კონსტიტუციური და პირიქით, მე ვფიქრობ, არ გვაქვს ბერკეტი, რომ ხელოვნურად გავაჩეროთ და სასამართლოში კარი ჩავკეტოთ, ვთქვათ, წელიწადი და ორი წლის განმავლობაში, ვიდრე რეფორმა არ დასრულდება, მართლმსაჯულების პროცესი გავაჩეროთ. ეს არ იქნება მართებული“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს მიშელის დოკუმენტით აღებულ ვალდებულებას.

„ასევე გავაგრძელებთ მომავალში. იქ არ წერია, რომ წელიწად ნახევარში და ორი წლის განმავლობაში პროცესი უნდა გაჩერდეს. მართლმსაჯულების რეფორმების დასრულების თარიღი არის 2022 წელი, ამიტომ ეს არის ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი პროცესი, ასევე, გვინდა, რომ იყოს ინკლუზიური და არა ექსკლუზიური პროცესი, როგორიც მანამდე, წინა ხელისუფლების დროს“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

მოსამართლეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან, თუმცა განცხადების სრული ვერსია ჯერ არ გავრცელებულა.