ალუდა ღუდუშაური - ოპოზიციის მიზანი და დღის წესრიგი იყო, როგორმე სიცრუის ფონზე აეწიათ ტემპერატურა, ქუჩაში უმართავი პროცესები გადაეტანათ და ხელში ჩაეგდოთ ქვეყნის მართვის სადავეები
ალუდა ღუდუშაური - ოპოზიციის მიზანი და დღის წესრიგი იყო, როგორმე სიცრუის ფონზე აეწიათ ტემპერატურა, ქუჩაში უმართავი პროცესები გადაეტანათ და ხელში ჩაეგდოთ ქვეყნის მართვის სადავეები

ოპოზიციის მიზანი და დღის წესრიგი იყო ის, რომ როგორმე სიცრუის ფონზე აეწიათ ტემპერატურა, ქუჩაში უმართავი პროცესები გადაეტანათ, ამით ესარგებლათ და ხელში ჩაეგდოთ ქვეყნის მართვის სადავეები, ეს გამოიკვეთა ასევე საპარლამენტო დროებითი კომისიის მუშაობის დროსაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საერთოდ არ იქნებოდა საჭირო 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა, ოპოზიცია რომ იყოს პასუხისმგებლიანი.

„ოპოზიცია რომ იყოს თანმიმდევრული და ოპოზიცია რომ გვყავდეს პასუხისმგებლიანი, საერთოდ არ დაგვჭირდებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა. ოპოზიციას რომ მართლაც საქმიანი მიდგომა ჰქონოდა, თუნდაც არჩევნების საკითხთან დაკავშირებით, სარჩელებსა და პრეტენზიებს იურიდიულად დაასაბუთებდა, დოკუმენტურად გამართავდა და უფლებამოსილ პირებს შეატანინებდა სასამართლოში. ამის შემდეგაც თუ ექნებოდათ დასაბუთებული პრეტენზია, ამას გააკეთებდნენ უშუალოდ ისეთი მაღალი შესაძლებლობის პლატფორმიდან, როგორიც არის საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, მაგრამ მათი მიზანი მთელი ამ ექვსი თვის განმავლობაში არასოდეს ყოფილა ის, რომ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხი გაცემულიყო. მათ ნათლად იცოდნენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, არჩევნებს სერიოზული დარღვევებით არ ჩაუვლია და ტექნიკური ხასიათის ხარვეზებს, რომელიც იყო გამოვლენილი არჩევნებთან დაკავშირებით, არ და ვერ ექნებოდა გავლენა საბოლოო შედეგებზე.

„მათი მიზანი და დღის წესრიგი იყო ის, რომ როგორმე, სიცრუის ფონზე აეწიათ ტემპერატურა, ქუჩაში უმართავი პროცესები გადაეტანათ, ამით ესარგებლათ და ხელში ჩაეგდოთ ქვეყნის მართვის სადავეები. ეს გამოიკვეთა ასევე კომისიის მუშაობის დროსაც. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ როდესაც კომისია გუშინდელ სასესიო სხდომაზე წარადგენდა მეტად მნიშვნელოვან ანგარიშს და დასკვნას, ვერ გაბედეს სხდომაზე მოსულიყვნენ და ის ცარიელი ადგილები, რომელიც იყო სხდომათა დარბაზში, მიუთითებს ერთადერთ რამეზე, რომ მათ ეშინიათ ახლა უკვე სიმართლისთვის თვალებში ჩახედვის“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

პარლამენტმა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ დადგენილების პროექტი გუშინ მიიღო.