ალუდა ღუდუშაური – ოპოზიციაში ეჭვიანობის რა სცენებია, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ჩვენ არავისთან არც დასამალი გვაქვს რამე და არც შიდა ვაჭრობა ან მოლაპარაკება გვაქვს ვინმესთან

23:35, 10.12.2022

ჩვენი მხრიდან ადგილი არ აქვს არავისთან არც დაფარულ და არც კულუარულ შეხვედრებს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, ვისი ინიციატივით მოხდა შეხვედრა ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სამუშაო ჯგუფების მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებთან, „ლელოსთან“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“, რადგან გაირკვა, რომ აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები მმართველ პარტიას ფარულად ორჯერ შეხვდნენ, რა საკითხები შეთანხმდა პროცესის მიმართ გამიჯნულ ოპოზიციასთან და ვინ ესწრებოდა შეხვედრებს.

„ჩვენთვის მთავარი არის იმ 12 პუნქტის შესრულება, რომელიც ქვეყანას განესაზღვრა და რომელიც არის სასიცოცხლო მნიშვნელობის. მაგალითად, ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტი არის დეპოლარიზაციის შემცირება. „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ჯგუფები ამას, პირიქით, უპირისპირებენ ნაბიჯებს, რომლებიც კიდევ უფრო აღრმავებენ პოლარიზაციას. ისინი საზოგადოებას სთავაზობენ დაძაბულობას, რადიკალიზმს, ქუჩის აქციებს და ურტყამენ და აზიანებენ ქვეყანას, ხალხის ინტერესებს. არ ვიცი, ოპოზიციაში ერთმანეთში ეჭვიანობის რა სცენებია, მაგრამ ფაქტი არის ერთი – ჩვენ არავისთან არც დასამალი გვაქვს რამე და არც ვინმესთან გვაქვს რამე სახის შიდა ვაჭრობა ან მოლაპარაკება“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, თავად ამ შეხვედრებს არ დასწრებია და წარმოდგენა არ აქვს, ვინ ესწრებოდა მას.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ყველა ნაბიჯი და მოქმედება მიმართულია იქითკენ, რომ პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსი შედგეს.

„ზოგადად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან ცივილურად საუბარი, გნებავთ, განსხვავებულ საკითხებთან დაკავშირებით. პოლიტიკა ამას გულისხმობს, თუმცა რადიკალური ოპოზიცია საპირისპიროდ მოქმედებს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად ელოდება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას სასამართლოს მიერ, რა სცენარით შეიძლება, განვითარდეს მოვლენები და რისთვის არის მზად მმართველი გუნდი, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილის ადვოკატის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი რადიკალური დღის წესრიგის ამოქმედებისთვის არიან მზად, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, დამოუკიდებელი სასამართლო მტკიცებულებებზე დაყრდნობით სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, ხოლო რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებებს, მათი მხრიდან პირდაპირი მუქარა მიდის საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ, მის სახლთან პარტიული ტელევიზიების წარმომადგენელთა დახვედრა და ა.შ., რაც დაუშვებელია.

„ქვეყანაში არეულობა და ნებისმიერი ძალადობა ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესს. საზოგადოება ბრძენია და კარგად ხვდება, რომ მათი ეს მცდელობა აბსოლუტურად უშედეგოდ დასრულდება. არის აჟიოტაჟი, რომელსაც აანონსებენ და ირიბად თუ პირდაპირ აქა-იქ განცხადებები, რომ თურმე ვიღაცები მზად არიან, კანონთან წინააღმდეგობაშიც მოვიდნენ და კანონს დაუპირისპირდნენ. მინდა, ყველას ვურჩიო, რომ ამ განზრახვაზე ცხელმა თავებმა უარი თქვან და ხელი აიღონ, რამეთუ, რა თქმა უნდა, კანონი იმუშავებს და ბუნებრივია, არეულობას არ და ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

„ქართული ოცნების“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ ლობისტური კომპანია დაიქირავა და ფული გადაიხადა იმაში, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანონ.

„თქვენ ნახეთ, რომ, პრაქტიკულად, ერთი და იგივე ფოტო და ერთი და იგივე ტექსტი არის გადაბეჭდილი საზღვარგარეთის სხვადასხვა მედია საშუალებაში“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

შეკითხვაზე, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმ მიმართულებით, რომ ლობისტური კომპანიების მუშაობა ქვეყნის რეპუტაციაზე ნეგატიურად არ აისახოს, რისი მოლოდინიც საზოგადოებაში არსებობს და რა არგუმენტებს უპირისპირებს ოპონენტებს, ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს თავად სიმართლე უპირისპირდება, სიმართლე კი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება არის მაღალ დონეზე რეალიზებული.

მსგავსი