ალუდა ღუდუშაური - ოპოზიციამ ვერ გაითავისა, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზითაა შესაძლებელი
ალუდა ღუდუშაური - ოპოზიციამ ვერ გაითავისა, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზითაა შესაძლებელი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თუ დღეს საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება, ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილებაა.

„პროკურატურისგან მოვისმინეთ განცხადება, რომ მას შესაძლებლობა აქვს, ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, შეუდგება პოლიტიკურ საქმიანობას. მისი არჩევანია, რა სახის საქმიანობას გააგრძელებს. ჩვენი ოპონენენტების მხრიდან, ეს ღია კარის მტვრევაა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ღუდუშაურის თქმით, ამასთან დაკავშირებით შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ყველასთვის ღიაა.

„მათ ვთავაზობთ, ეს პლატფორმაც აუცილებლად გამოიყენონ, რომელიც ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე პლატფორმაა. იგი ნებისმიერ საკითხს, ნებისმიერ დარღვევას და გადაცდომას სიღრმისეულად შეისწავლის, შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ოპოზიციას ვთავაზობთ, თუ რაიმე აქვთ წარმოსადგენი, ხელშესახები მტკიცებულება თუ არგუმენტი, წარმოადგინონ, ვიმსჯელოთ, კარი ღიაა. დასხდნენ, შემოგვიერთდნენ და თვითონ გამოიკვლიონ საკითხი. თუ იქნება 1-პროცენტიანი ცდომილება მმართველი ძალის სასარგებლოდ, მზად ვართ, ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში, პოპულიზმია და ჭიქაში ქარიშხალის ატეხვაა. თუ ჩვენმა მოქალაქეებმა არ მისცეს შესაბამისი მხარდაჭერა ხელისუფლებაში მოსასვლელად, ეს მათი რადიკალური ნაბიჯების ბრალია. ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზითაა შესაძლებელი. ოპოზიციამ ეს ვერ გაითავისა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ამასთან, ღუდუშაურის განმარტებით, თუ რომელიღაც პარტიას ხელისუფლებაში მოსვლა სურს, ამისთვის არჩევნებს უნდა დაელოდოს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტი მხარე არ ერიდება ქვეყნის იმიჯის იმდაგვარად შელახვას, რომ მზად არის, ნებისმიერი სიცრუის ტირაჟირება მოახდინონ, ოღონდ საწადელს მიაღწიონ. ამ საწადელში იგულისხმება, რომ როგორმე, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით, ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს წარმოუდგენელია. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, ამისთვის არჩევნებს უნდა დაელოდოს“, – დასძინა ალუდა ღუდუშაურმა.