ალუდა ღუდუშაური - მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარით „ნაციონალური მოძრაობა“ ადასტურებს, რომ ის არის დესტრუქციული ძალა
ალუდა ღუდუშაური - მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარით „ნაციონალური მოძრაობა“ ადასტურებს, რომ ის არის დესტრუქციული ძალა

საპარლამენტო უმრავლესობსი წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, დღეს ყველამ ნათლად დაინახა „ნაციონალური მოძრაობის რეალური სახე.

მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერაზე უარით „ნაციონალური მოძრაობა“ ადასტურებს, რომ ის დესტრუქციული ძალაა.

„ჯერ იყო და ბატონი მელია იძახდა, რა გამოწვევაც სახელმწიფოს გაუკეთა, ამისთვის ვერ დააკავებდნენ. ყველამ ვნახეთ, რომ სახელმწიფომ თავისი ფუნქცია პირნათლად შეასრულა. შემდეგ იძახდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. ვნახეთ, რომ დიახ, გირაო გადაიხადეს და მიიღო მან ეს გირაო. ამის შემდეგ იძახდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში პარლამენტში არ შემოვიდოდნენ და პირიქით, ვინც შემოვიდა, ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, პრაქტიკულად ატერორებდნენ და აბულინგებდნენ. ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ შემოდიან პარლამენტში, თუმცა ისე, რომ ხელს არ აწერენ ბატონი მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს. ეს არის მათი სახის კიდევ ერთი რეალური ჩვენება, რომ მათ ფსევდო ევროპელობას და ევროატლანტიკურ სვლას წერტილი დაესვა.

ნათლად დაინახა ყველამ, მათ შორის ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარით „ნაციონალური მოძრაობა“ ადასტურებს, რომ ის არის დესტრუქციული ძალა და მათი მიზანი არა საქართველოს ხვალინდელი დღე, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა, არამედ მათი მიზანი, დღის წესრიგი არის მიხეილ სააკაშვილი და კვლავაც დესტრუქციული რეჟიმი. განცხადებით, რომ პარლამენტში შევლენ და ქუჩის აქციებსაც, ბოიკოტსაც გააგრძელებენ, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია.

არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იქნება, თუ პარლამენტს გარეთ, მით უფრო მათი დღის წესრიგიდან გამომდინარე. ჩვენ მორიგ ჯერზე დავინახეთ, პარტიის ფორმალურმა თავმჯდომარემ გააჟღერა, რომ პარლამენტში შემოვლენ, თუმცა კვლავ რჩებიან დესტრუქციის დღის წესრიგში, რომელიც ალბათ არის ისევ პიკეტირება, ინსტიტუციების ნგრევა და ჩამოშლა, მაგრამ მინდა, ვუთხრა ყველას, პირველ რიგში მათ, რომ თუ იქნება დესტრუქცია, თუ დარჩებიან ისევ მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგში, სახელმწიფო კვლავ გასცემს ადეკვატურ პასუხს მათ ყველა ნაბიჯზე“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.