ალუდა ღუდუშაური - მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა, კუნთებზე იყურებოდა, ახლა დაგასრულებთო, ეს რომ ვერ შეძლო, ტირილის და გოდების გზას მიმართა
ალუდა ღუდუშაური - მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა, კუნთებზე იყურებოდა, ახლა დაგასრულებთო, ეს რომ ვერ შეძლო, ტირილის და გოდების გზას მიმართა

მიხეილ სააკაშვილი ჯერ კუნთებზე იყურებოდა და ამბობდა, რომ ქაოსურ სიტუაციებს შექმნიდა, ხელისუფლებას დაამხობდნენ და ხელისუფლებაში მოვიდოდა, მაგრამ შემდეგ შიდაპარტიული გარჩევები ჰქონდათ, თუმცა ახლა როცა მიხვდა, რომ ყველა მისი მცდელობა კრახისთვის არის განწირული, ცდილობენ, საზოგადოებაში როგორმე ემპათიური გრძნობები გამოიწვიონ და თავის შეცოდების გზით საპატიმროს თავი დააღწიოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაური გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ოპოზიციონერი დეპუტატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, სააკაშვილმა მას უთხრა, რომ საქართველოში ჩამოსვლას ნანობს.

ღუდუშაურის თქმით, როგორც ჩანს, სააკაშვილს არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მას საქართველოში ქართველი ხალხი არ ელოდებოდა, არამედ ელოდებოდა მართლმსაჯულება.

„გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ სააკაშვილი ჩამოსვლას ნანობს. როგორც ჩანს, მას არ ჰქონდა გათვიცნობიერებული, რომ მას საქართველოში ქართველი ხალხი არ ელოდებოდა, ელოდებოდა მართლმსაჯულება. მას მოუწევს ბევრი წლის ციხეში გატარება. მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, რეალობას დაუბრუნდეს და საკვები მიიღოს. თუ მასთან დაკავშირებით რაიმე ხდება, ეს მისი, როგორც ზრდასრული პირის პასუხისმგებლობაა. ასევე, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, ვინც მას უკიჟინებდა, რომ როგორმე, ამ ფორმით ქაოსური სიტუაციის შექმნა შეიძლება. პენიტენციურ სამსახურს ვენდობი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს სააკაშვილისთვის, არა როგორც ერთი პატიმრისთვის, არამედ ყველა დანარჩენი პირისთვის“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, სააკაშვილი არავის უწამებია და მისი არანაირი უფლება არ დარღვეულა.

„ერთადერთი უფლება, რაც მან საკუთარ თავს დაურღვია, იყო ის, რომ ქვეყანაში როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოიპარა. განცხადებებს ძალიან მხდალი ადამიანის გადმოსახედიდან აკეთებს, არადა, შემოიპარა, არაჟნებს ამოეფარა, შემდეგ კუნთებზე იყურებოდა, ახლა დაგასრულებთო და ა.შ. ეს რომ ვერ შეძლო, იმ გზას მიმართა, რომ ტირილის და გოდების ფორმით ცდილობს, ემპათიური გრძნობების გამოწვევას ქვეყანაში. ცდება, თუ ჰგონია, რომ წარსულში მასთან პოლიტიკურ ქორწინებაში მყოფ უგულავას რაც უფრო ამორალურ განცხადებას გააკეთებინებს, ეს შედეგს მოუტანს. მას მოუწევს, ქართული მართლმსაჯულების ქვეშ ყოფნა და ამას უნდა შეეგუოს. ეს ყველაფერი მის მიმართ ცოტა დაგვიანდა, მაგრამ მართლმსაჯულებამ მის თავზე იზეიმა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.