ალუდა ღუდუშაური - იმედი გვაქვს, ოპონენტებში საღი აზრი გაიმარჯვებს და მოლაპარაკების კონკრეტული შედეგებით დასრულებას შევძლებთ
ალუდა ღუდუშაური - იმედი გვაქვს, ოპონენტებში საღი აზრი გაიმარჯვებს და მოლაპარაკების კონკრეტული შედეგებით დასრულებას შევძლებთ

იმედი გვაქვს, ნამდვილად გაიმარჯვებს საღი აზრი ჩვენს ოპონენტებშიც. იპოვიან საკუთარ თავში ძალას, რომ სახელმწიფოებრივი მიდგომიდან გამომდინარე, ჩვენ მოლაპარაკების კონკრეტული შედეგებით დასრულება შევძლოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება კვლავაც ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლაპარაკება კონკრეტული, ხელშესახები შედეგით დასრულდეს.

„ნამდვილად მისასალმებელია, როდესაც ვხედავთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უბრუნდებიან იმ ლეგიტიმურ, სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის მოთხოვნის ფარგლებშიც მათ მიერ წამოყენებული საკითხები უნდა ექვემდებარებოდეს ორ კრიტერიუმს, ეს არის სამართლიანობა, კანონიერება და ჩვენი ქვეყნის, საზოგადეობრივი ინტერესები. იმედი გვაქვს, ნამდვილად გაიმარჯვებს საღი აზრი ჩვენს ოპონენტებშიც. იპოვიან საკუთარ თავში ძალას, რომ სახელმწიფოებრივი მიდგომიდან გამომდინარე, ჩვენ მოლაპარაკების კონკრეტული შედეგებით დასრულება შევძლოთ.

რაც შეეხება ბატონ ბოკერიას შერბილებულ პოზიციას, მიმაჩნია, რომ ნამდვილად მისასალმებელია ეს ფაქტი. იმედს ვიტოვებ, ისეთი მაღალი დონის მედიატორობით გამართული შეხვედრა, რომლის მომსწრენიც ვართ, აუცილებლად უნდა დასრულდეს კონკრეტული შედეგით. ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და კვლავაც გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკება კონკრეტული, ხელშესახები შედეგით დასრულდეს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით,  2012 წლის შემდეგ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. რაც შეეხება მელიას საქმეს, ღუდუშაური ამბობს, რომ მას  აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს გირაო და საპატიმრო დატოვოს.

„პოლიტპატიმრები 2012 წლის შემდეგ ქვეყანას არ ჰყავს. რაც შეეხება მელიას საკითხი, რომელსაც ასე მწვავედ აყენებენ ჩვენი ოპონენტები, ვფიქრობ, გადაწყვეტილი არის და მარტივ სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. მელიას აქვს შესაძლებლობა ამ წუთსაც, გადაიხადოს გირაო და იმ წუთსვე დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თვითმიზანი არ უნდა იყოს მათთვის, როგორმე ხელოვნურად აწიონ ტემპერატურა, მელიას ციხეში გამომწყვდევით როგორღაც დუღილის ტემპერატურას მიაღწიონ და ქუჩაში გამოიყვანონ თავიანთი ამომრჩეველი, რაც ვფიქრობ, კრახით დასრულდა. ასევე, კრახით დასრულდება ყოველი ასეთი მოქმედება. მიმაჩნია, ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება პიკეტები, არ სჭირდება რადიკალური ნაბიჯები. ჩვენს ქვეყანას სჭირდება მუხლჩაუხრელი, 24-საათიანი შრომა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.