ალუდა ღუდუშაური - გვახსოვს, „ევროპული საქართველო“ ერთი კაცის პარტიად რომ გადაიქცა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი მომავალი აქვს, მაგრამ იქაც არ იქნება მელიასთვის ადგილი
ალუდა ღუდუშაური - გვახსოვს, „ევროპული საქართველო“ ერთი კაცის პარტიად რომ გადაიქცა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი მომავალი აქვს, მაგრამ იქაც არ იქნება მელიასთვის ადგილი

პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თუ ვერ გააცნობიერებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც ისევე ჩაქრება შუქი, როგორც „ევროპულ საქართველოში“. გვახსოვს, „ევროპული საქართველო“ ერთი კაცის პარტიად რომ გადაიქცა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი მომავალი აქვს, მაგრამ იმ ერთი კაცის პარტიაშიც, არ იქნება ნიკა მელიასთვის ადგილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

დეპუტატმა ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებაზე და 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„სად არის მელია? გამოჩნდა? მოკითხვა გადაეცით მელიას. როგორც ჩანს, პოლიტიკურ არდადეგებზე ჰყავდათ გაშვებული და ახლა გამოაჩინეს, რომ ფორმალური თავმჯდომარე საჭიროა და ხანდახან, ალბათ, განცხადების გაკეთებასაც აიძულებენ.

კარგად ვიცით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები ზოგადად რა შედეგითაც დასრულებულა. ეს ადამიანები ქვეყნის საბოტაჟს და დესტრუქციას თავს არ ანებებენ. ამიტომ არის სწორედაც, რომ აღარავის ახსოვს საერთოდ ამ ქვეყანაში, ვინ არის მელია. მათ რაც შეუძლიათ მაქსიმუმ გააკეთონ, თავიანთ ოფისში შეკრიბონ საკუთარი ამომრჩევლები, ამაზე მეტი რესურსი არ აქვთ. ხშირ შემთხვევაში სასამართლოს ეზოსაც კი ვერ ავსებენ. შესაბამისად, ყველას გადაეცით, ვინც ფიქრობს, რომ რაიმე სახით ვინმეს აიძულებენ და ჩვენს ქვეყანას რაიმე ზიანს მოუტანენ, კარგად გააცნობიერონ, რომ ქართველ ხალხს აქვს ძალიან დიდი მოთმინება, მაგრამ ქართველი ხალხი მიგითითებს პოლიტიკიდან წასვლაზე, რაც 2012 წელს მკაფიოდ უთხრეს. ქართველი ხალხის გადაწყვეტილება იყო ის, რომ არც ერთ მათ აქციაზე ვიწროპარტიული აქტივის გარდა თვალით არავის უნახავს სხვა რაიმე მასშტაბური. რეალობას შეეგუონ. გააცნობიერონ ერთი რამ, რომ პოლიტიკაში, მათ შორის ოპოზიციაში ყოფნა პასუხისმგებლობაა. ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თუ ვერ გააცნობიერებენ, მათ ოფისშიც ისევე დასრულდება და ჩაქრება შუქი, როგორც „ევროპულ საქართველოში“. გვახსოვს, „ევროპული საქართველო“ ერთი კაცის პარტიად რომ გადაიქცა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი მომავალი აქვს. მაგრამ იმ ერთი კაცის პარტიაშიც, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ პარტიად გადაიქცევა, დამერწმუნეთ, იქაც არ იქნება მელიასთვის ადგილი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, რომ ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევს „საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟის დასასრულებლად“, ღუდუშაურის თქმით, ნიკა მელია განულებულია პოლიტიკურად და პარტიაშიც არავინ არაფერს ეკითხება.

„ნიკა მელიას მოსაცემი ვადა რომ ექნება ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, მაშინ არის სირცხვილი. ნიკა მელიამ რა ვადა უნდა დაუწესოს? ნიკა მელია განულებულია როგორც პოლიტიკურად, ასევე პარტიაშიც არავინ არაფერს ეკითხება. არანაირი რეიტინგი არ აქვს. ნიკა მელიას დაპირება და სიტყვა არ გაიშვას. ჯერ იყო ვერ შემიყვანთო, ვერ დამიჭერთო. რადიკალური ოპოზიციური პარტიის ერთი ცრუპენტელა, ფორმალური თავმჯდომარეა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.