ალუდა ღუდუშაური - გუშინ რაც ვნახეთ, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი, რაც საბოლოოდ 2024 წლის არჩევნებზე დასრულდება
ალუდა ღუდუშაური - გუშინ რაც ვნახეთ, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი, რაც საბოლოოდ 2024 წლის არჩევნებზე დასრულდება

ბოროტმა ძალამ გუშინდელ ამბავს ღონისძიება დაარქვა. სინამდვილეში, არც მეტი და არც ნაკლები, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„რა მომავალი უნდა ჰქონდეთ, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გაიაზრეს, ჩვენს ქვეყანას თავს რა უბედურება დაატეხეს. უფრო მეტიც, მათ ჩვენი ხალხისთვის ბოდიში არ მოუხდიათ და თავს დამნაშავედ არ გრძნობენ. ნაცვლად ამისა, იკრიბებიან, მასკარადს აწყობენ. რა ეზეიმებათ ამ უბედურებს? მართლა მაინტერესებს, რას ზეიმობენ, როცა ქართველმა ხალხმა მათი მმართველობა შეაფასა, როგორც ისტორიის სირცხვილი, მწამებლებისა და ქვეყნისთვის უბედურების მომტანი პოლიტიკური ძალა.

თავის დროზე, ეს ბოროტები ქვეყანას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოასხდნენ და ხალხის წამებითა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებით იყვნენ დაკავებული. გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი, რაც საბოლოოდ 2024 წლის არჩევნებზე დასრულდება“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალ-ახალ თემებს იგონებენ, მოიგონეს ახლა მანიფესტი, მანამდე კი ჰქონდათ მემორანდუმი.

„თვითკმაყოფილებას არიან მიცემული. რასაც პოლიტიკური ლიდერი დაუკვეთავთ, სამარცხვინოდ აკეთებენ. რა მანიფესტმა უნდა გადაარჩინოთ? ეს ღიმილის მომგვრელია. ეს ადამიანები ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესს აცდენილი არიან. მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, რადგან სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებთან წინააღმდეგობაში არიან. ერთადერთი ის გადაარჩენთ, რომ ქუდი დაიხურონ და შინ წავიდნენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.