ალუდა ღუდუშაური - გმირი, გულნათებული ადამიანების ზურგს უკან ამოფარებული არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პატრიარქს, ეკლესიას, ქვეყანაში მშვიდობას, ბავშვებს
ალუდა ღუდუშაური - გმირი, გულნათებული ადამიანების ზურგს უკან ამოფარებული არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პატრიარქს, ეკლესიას, ქვეყანაში მშვიდობას, ბავშვებს

მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენი გმირი ვაჟკაცებით ცდილობს, ჩაიწეროს პოლიტიკური ქულები, თითქოს მე ან ჩემი გუნდის რომელიმე წევრი შეურაცხყოფას აყენებს იმ ღირსეულ ვაჟკაცებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა იბრძოლონ და ენთუზიაზმით იბრძვიან უკრაინაში, ან რაღაცნაირად მათზე მიდის ზეწოლა – ეს არის წარმოუდგენელი სიცრუე. ვინც გულწრფელად მიიჩნევს, რომ ეს არის სიმართლის დაცვა და ყოველგვარი ანაზღაურების, მერკანტილური ინტერესის გარეშე ამას აკეთებს, უნდა გავმიჯნოთ მათგან, ვინც ყველაფერ ამაში სარგებელს ნახულობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული მოქალაქე, დაღუპული გმირი მეომრები საქართველოსთვის დიდი დანაკარგია და სრულიად ამორალურია, მმართველ ძალას რაღაც ფორმით ტალახი ესროლონ და სიცრუის კამპანია გააჩაღონ.

„მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენი გმირი ვაჟკაცებით ცდილობს, პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს, თითქოს მე ან ჩემი გუნდის რომელიმე წევრი, ჩემი მეგობარი შეურაცხყოფას აყენებს იმ ღირსეულ ვაჟკაცებს, რომლებიც მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ უნდა იბრძოლონ და ენთუზიაზმით იბრძვიან უკრაინაში, ან რაღაცნაირად მათზე მიდის ზეწოლა. ეს არის წარმოუდგენელი სიცრუე. ამ გმირი, მართლაც გულნათებული ადამიანების ზურგს უკან ამოფარებული არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პატრიარქს, ეკლესიას, ქვეყანას, ქვეყანაში მშვიდობას და ჩვენს ბავშვებს. არ უნდა გამოიყენონ და ვინმემ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს ეს ადამიანები, რომლებიც გმირულად იბრძვიან. ჩვენ, პირიქით, ვდგავართ ამ ადამიანების მხარეს. ვინ-ვინ და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის ვერც ღირსების, ვერც ინტერესების დაცვაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი აპოლოგეტები, ბარამიძე იქნება თუ სხვები, ვერ შეგვეჯიბრებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არამც და არამც არავის გაუფიქრია, არც უგულისხმია, რომ მათთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, ვინც გულწრფელად მიიჩნევს, რომ ეს არის სიმართლის დაცვა და ყოველგვარი ანაზღაურებისა და რაიმე მერკანტილური ინტერესის გარეშე ამას აკეთებს, უნდა გავმიჯნოთ იმ ადამიანებისგან, ვინც ყველაფერ ამაში სარგებელს ნახულობს როგორც მატერიალურს, ასევე პოლიტიკურს“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.